ირლანდიის სანაპიროსთან პილოტებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები შენიშნეს


     ირლანდიის ავიაციის სამმართველო ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან შემჩნეული სინათლისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ გავრცელებულ ცნობებს იძიებს.

     ყველაფერი 9 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 06:47 საათზე დაიწყო, როცა British Airways-ის პილოტი შენონის აეროპორტის საჰაერო ტრაფიკის კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა.

     პილოტს სურდა გაეგო, მიმდინარეობდა თუ არა ამ ზონაში სამხედრო წვრთნები, რადგან ცაში რაღაც „ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა".

     ბრიტანული თვითმფრინავი კანადის ქალაქ მონრეალიდან ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში მიფრინავდა. პილოტის თქმით, მან დაინახა ძალიან კაშკაშა სინათლე და ობიექტი, რომელიც მის თვითმფრინავს მარცხნიდან ამოუდგა, შემდეგ კი ძალიან სწრაფად გაუჩინარდა ჩრდილოეთის მიმართულებით.

     პილოტმა სცადა გაერკვია, რა შეიძლება ყოფილიყო ეს ობიექტი, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ შეჯახების შანსი არ არსებობდა.

     მეორე პილოტის აზრით, შესაძლოა ის დედამიწის ატმოსფეროში შემოსული მეტეორი ან რაიმე სხვა სხეული ყოფილიყო.

     მისი თქმით, მან იმავე ტრაექტორიით მოძრავი სხვა მრავალი ძალიან კაშკაშა ობიექტიც შენიშნა.

     კიდევ ერთი პილოტის განცხადებით, ობიექტები წარმოუდგენლად დიდი, ასტრონომიული სიჩქარით მოძრაობდნენ.

     ირლანდიის ავიაციის სამმართველოს განცხადებით, საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

     გამოძიების დასრულებამდე, კომენტარისგან თავს იკავებს შენონის აეროპორტიც.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/irlandiis-sanapirostan-pilotebma-amoucnobi-mfrinavi-obieqtebi-shenishnes/