თეირანში მცირე ზომის ქართულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება


     ქ. თეირანში ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ბიზნესმენის აკაკი ხოშტარიას მიერ XX საუკუნეში აგებული მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს.
 
      ირანის რესპუბლიკაში სააგენტოს სამუშაო ჯგუფის ვიზიტისას, რომელსაც უწყების გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა, არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ სრულად აიზომა საკულტო ნაგებობა, რომელიც ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მარმარილოს ქვის არქიტექტურული ნაგებობა კონსტრუქციული მდგრადობის მხრივ ამჟამად რთულ მდგომარეობაში იმყოფება და გადაუდებელ სარესტავრაციო ჩარევას საჭიროებს. ანაზომებისა და ფოტო მასალის მიხედვით სააგენტო მიმდინარე წელსვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ხელნაკეთებისა და ტურიზმის დეპარტამენტთან უახლოეს თვეში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე წარიმართება.
 
    ფიზიკური სამუშაოები წელსვე დაიყება და მას საქართველოს მხარე დააფინანსებს.  7 დღიანი ვიზიტის მსვლელობისას ირანის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრთან და ისპაჰანის პროვინციის ძეგლთა დაცვით უწყებებთან ერთად დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობის ფართო სპექტრი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მხარეთა გრძელვადიანი თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავენ. 

       თეირანში დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე 1924 წელს აგებული სამლოცველო და აკლდამა საზოგადო მოღვაწემ და ნავთობ მაგნატმა აკაკი ხოშტარიამ მისი გარდაცვლილი მეუღლის მინადორა თურქია-ხოშტარიას ხსოვნას მიუძღვნა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно