მშრალი ხიდის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია იწყება


     თბილისის განვითარების ფონდი მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი.

     თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს ქმნის თვითდასაქმებულებისთვის, ადგილობრივი მომხმარებლებისა და ტურისტებისთვის.

     როგორც მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში განხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან.

     პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно