ბავშვებშია სიმსივნე მოდებული, არის ფილტვების დაავადებები - საპროტესტო აქცია ზესტაფონში


     საპროტესტო აქცია ზესტაფონში - ადგილობრივი მოსახლეობა ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ქარხნის გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს, რაც უამრავ დაავადებას იწვევს.

     ადგილობრივები სპეციალური ფილტრების ჩართვას და 24-საათიანი მონიტორინგის დაწესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

     „არის უმძიმესი ეკოლოგიური ვითარება. დაავადებულები არიან, როგორც ბავშვები, ასევე შუა ხნის მოსახლეობა. გვაქვს სხვადასხვა უმწვავესი პრობლემები," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, კონსტანტინე ქათამაძე.

     აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ მოსახლეობაში სხვადასხვა მძიმე დაავადებები მკვეთრად მომატებულია.

     „ყველა ქალაქი, ყველა სოფელი ჩვენს ირგვლივ რაც არის, დაბინძურებულია. ჩვენს პირუტყვსაც კი რძეში ამოუვიდა, რომ იყო ტყვიის შემცველობა. ბავშვებშია სიმსივნე მოდებული, არის ფილტვების დაავადებები, ბრონხების, ძვლების და ჩიყვის პრობლემებია," - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.  

     ჯორჯიან მანგანეზში განმარტავენ, რომ ფილტრები გამართულად მუშაობს, მუდმივად მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურების დონის მონიტორინგი და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

     „მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია უკვე დიდი ხანია იმიტომ, რომ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. კარგი იქნებოდა, ჯერ საერთოდ პრობლემის არსი გამოეკვლიათ და შემდეგ გაეპროტესტებინათ," - ამბობს შპს ჯორჯიან მანგანეზის  გარემოს დაცვის დირექტორი, ირაკლი ნოზაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/97564