კახა კალაძე სოფელ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო


     დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

     ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სოფელ დიღომში სამი მთავარი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ყაზბეგის, ფიროსმანისა და რუსთაველის ქუჩის ნაწილზე საკომუნიკაციო ქსელისა და ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

     „სოფელ დიღომში, 1.8-კილომეტრიან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნულ გზაზე არსებული მდგომარეობა წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. პროექტი ზაფხულის დასაწყისში დასრულდება. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები გაზაფხულიდან კიდევ უფრო მასშტაბურად დაიწყება. არსებული მდგომარეობის მოწესრიგებას მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონსა და უბანში ვაპირებთ", - განაცხადა თბილისის მერმა.  

     პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობის შემდეგ, ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი დაიგება და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია მოხდება. პროექტით გათვალისწინებულია, ასევე, არსებული სამი ერთეული სახიდე გადასასვლელის შეკეთება.

     პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნულ სამუშაოებზე 828,037,36 ლარი დაიხარჯება.

     სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
скачать dle 11.0фильмы бесплатно