ტურიზმის გააქტიურება საფრთხეს შეიცავს, ინფექცია ძირითადად მოგზაურებს გადააქვთ - გოფოძე


     რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ტურიზმის გააქტიურება კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს ზრდის.

     „რა თქმა უნდა, საფრთხეს შეიცავს ტურიზმის გააქტიურება, ვინაიდან ძირითადად ინფექცია მოგზაურებს გადააქვთ. საქართველო ამ გადაადგილების წესს ძალიან კარგად იცავდა, თუნდაც კარანტინის ზონები გვაქვს. რაც უფრო მეტს ვიმოგზაურებთ, შანსი იმისა, რომ რაღაც მოხდეს, უფრო გაიზრდება, მაგრამ იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ჩვენ ვმოქმედებთ, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი რისკები. საფრთხე გაიზრდება, ამას ვერსად წავუვალთ, მაგრამ ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანა ვერ გაჩერდება. ასე რომ, მოგვიწევს უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და ამ ნაკადების ისე მართვა, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ინფექციის გავრცელება. თუმცაღა, რისკები გაიზარდება", – აცხადებს ლევან გოფოძე.

     ლევან გოფოძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია, საზაფხულო დასვენებისას ყველამ დაიცვას არსებული რეკომენდაციები.

     „ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რადგან გაიხსნა შიდა ტურისტული მარშრუტები, ჩვენი მოქალაქეები უფრო ამოძრავდებიან. ადამიანებმა უნდა დაისვენონ, უნდა წავიდნენ და ტურიზმს მხარი დაუჭირონ. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ადრე არსებობდა, უნდა დაიცვან. უნდა დაიცვან დისტანცირება, მოერიდონ მასობრივ თავყრილობებს. დანარჩენი, აქტიური დასვენება და სუფთა ჰაერი, კოვიდის დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია", – აცხადებს ლევან გოფოძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv