სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეში ჩართვაზე საქართველოდან ორი ორგანიზაციის თხოვნა დააკმაყოფილა


     სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2"-ის საქმეში ჩართვაზე საქართველოდან ორი ორგანიზაციის თხოვნა დააკმაყოფილა, ექვს ორგანიზაციას კი უარი უთხრა-ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

     ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „რუსთავი 2"-ის საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით (მესამე მხარედ) მათივე თხოვნის საფუძველზე, ჩართო.

     სასამართლომ მათი თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ ომბუდსმენისა და საია-ს მიერ წარსადგენი მოსაზრებები არ უნდა ეხებოდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემოფარგლა მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებზეც პოზიციის დაფიქსირება თავად ითხოვეს. კერძოდ, ომბუდსმენი და საია პოზიციას არცერთი მხარის სახელით არ წარადგენენ. სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში პოზიციას წარადგენს საქმის მნიშვნელობის თაობაზე, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია − სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 89-ე მუხლებთან დაკავშირებით (იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს და მოსამართლეზე საქმის განაწილების კუთხით საკუთარ მოსაზრებებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს პრაქტიკის გათვალისწინებით.

     მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოდან მიიღებს ომბუდსმენისა და საია-ს პოზიციას, საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს სასამართლო მეგობრის (მესამე მხარის) მიერ წარდგენილ საკითხებზე.
ინფორმაციისთვის: „რუსთავი 2"-ის საქმეზე საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილ ვადებში − 28 მარტს წარუდგინა.

     სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მეგობრის სტატუსით (მესამე მხარე) ჩართვის მოთხოვნით მიმართეს სხვა ორგანიზაციებმაც საქართველოდან, თუმცა, მათ სასამართლომ უარი უთხრა და მხოლოდ სახალხო დამცველისა და საია-ს თხოვნა დააკმაყოფილა. საქმეში ჩართვაზე უარი ეთქვათ შემდეგ ორგანიზაციებს: ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი.

      ეს გადაწყვეტილება არის სტრასბურგის სასამართლოს პრეროგატივა და ჩვენ პატივს ვცემთ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტიტუტს– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно