პატრიარქის კურთხევით სტუდენტები ,,აიისას" საქმიანობას გააპროტესტებენ


     თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები ,,აიისას" საქმიანობას აქციით გააპროტესტებენ. ამის შესახებ, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ,,ულტრაპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
 
გაცნობებთ, რომ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები ორგანიზებას ვუწევთ სტუდენტურ აქციას, რომლითაც ვაპროტესტებთ კომპანია „აიისას" ქართველი ერისა და ქრისტიანული საზოგადოების ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ საქმიანობას, კერძოდ: მათ მიერ წარმოებულ პრეზერვატივებზე წმინდანების და წმინდა დღესასწაულების გამოსახვას, ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებული ბილწი ხუმრობებისა და სადღესასწაულო ქრისტიანული სიმბოლოების პრეზერვატივის შეფუთვაზე დატანას, ეროვნული, კულტურული და ისტორიული ფასეულობების დაცინვასა და შეურაცხყოფას.

     აქციის მიზანია: დაიგმოს აღნიშნული ქმედებები, წარმოვაჩინოთ საზოგადოების ჯანსაღი აზრი, დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობა, რომელთა ღირებულებითი ღერძი ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, რელიგიური და ეროვნული ფასეულობების ნიჰილიზმისაგან. გვსურს, რომ ამ აქციას მიეცეს პრევენციული დატვირთვა, მომავალში, მსგავსი, მანკიერი ქმედებების აღსაკვეთად. ასევე გვინდა მივმართოთ აღმასრულებელ და სააკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ დაიცვან ჩვენი უფლებები და მიიღონ სპეციალური კანონი ეროვნული და რელიგიური ფასეულობებისა და ღირებულებების შეურაცხყოფის შესახებ, ან ჩაიწეროს მუხლი კანონმდებლობაში. 

     კომპანია ,,აიისას" წარომადგენლები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რელიგიური გრძნობა და მისი შეურაცხყოფა სუბიექტური აღქმის საგანია და მისი კანონმდებლობაში ჩაწერა არასწორია, თუმცა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლში, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება პირდაპირ არის ნათქვამი, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მორალის დაცვის მიზნით. მათი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მორალიც სუბიექტური აღქმის საგანია, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პატივი და ღირსება. ცალსახაა, რომ ამგვარი მიდგომა არასწორია. აღნიშნული კონვენცია ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღიარებულია სავალდებულოდ და საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის შემდეგ უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შიდა საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებთან მიმართებით, ამიტომ პირდაპირ შეუძლია ხელისუფლებას ისარგებლოს აღნიშნული კონვენციის მე-10 მუხლით და აკრძალოს კომპანია „აიისას" ის საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მორალს, თუმცა ყოველგვარი გაუგებრობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, გათვალისწინებულ იქნას სპეციალური მუხლი ჩვენს კანონმდებლობაში, უპირატესად კი საქართველოს კონსტიტუციაში.

     მდუმარე სტუდენტური აქცია გაიმართება ხუთშაბათს, 19 აპრილს, 18:00 სთ-ზე, რუსთაველზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ
აქციის ორგანიზატორები ვმოქმედებთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის კურთხევით. 

     აქციაში მონაწილეობის მსურველებს (სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს და საზოგადოების წევრებს) ვთხოვთ, დაიცვან გამოხატვის ის ფორმა (მდუმარე), რომელიც ჩვენ შევარჩიეთ. ჩვენი სურვილია აქცია ჩატარდეს მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე. ამ პრინციპების საწინააღმდეგო ყოველგვარი ქმედება დასაგმობი და პრინციპულად შეუთავსებელია ჩვენს მიზნებთან, ამოცანებთან და ხედვასთან. ეს გახლავთ, კომპანია „აიისას" ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებთ.
      ,,აიისა" პრეზერვატივების კონცეპტუალური ბრენდი და სადებიუტო 2017 წლის ტოპ სტარტაპია. საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების გარდა პროდუქტის მომხმარებისთვის მიწოდების მთავარი ფორმა საკუთარი სავაჭრო აპარატებია, წარმოდგენილი 2 ფორმით: „Aiisa - Random Revolver" განთავსებული მცირე ზომის ობიექტებში (ამ წუთისათვის 14 აპარატი 11 ლოკაციაზე თბილისში და ბათუმში მდებარე ბარებში) „Aiisa – Xhzibit" ეტაპობრივად განთავსებადი სავაჭრო ცენტრებში, კლუბებში და ტურისტულ ლოკაციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით" – ნათქვამია განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно