არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ ემზარ კვიციანის ინიციატივას მხარი არ დაუჭირონ


     „განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრები იზიარებენ პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. გავრცელებული ინფორმაციით კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება კანონპროექტის შემუშავებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან – ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები ემზარ კვიციანის ინიციატივას, რომელიც ,,რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის" სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

     არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის, რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია

     აღსანიშნავია, რომ ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების ამგვარად შეზღუდვის პირველი შემთხვევა. მსგავსი ინიციატივები პარლამენტში 2013 და 2016 წლებშიც დაფიქსირდა, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში ინიციატივამ (რომელიც წინა შემთხვევებში მსგავს ქმედებებზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებდა) მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება პლატფორმამ არაერთხელ დააფიქსირა. ინიციატივას გამოეხმაურა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოც", – ნათქვამია განცხადებაში. 

     საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გარკვეულმა ჯგუფებმა ძალადობრივად გამოხატეს უკმაყოფილება მხატვრების, მწერლების, ჟურნალისტების მიმართ სწორედ "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” საბაბით. მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში პლურალიზმის, დისკუსიისა და კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობას, მათ შორის მიმართული იქნება ხელოვნებისა და მედიის წინააღმდეგ.

     სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს ძირითად პოლიტიკას უნდა გეგმავდეს და ზრუნავდეს მათ მიერ კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობაზე (მათ შორის ამ მიმართულებით არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრაზე), უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის და საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის ჩახშობის ხელშემწყობად გვევლინება.

     „ამდენად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ყურადღება მიაქციოს როგორც კონსტიტუციურ ისე საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს და არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას არც ამ და არც რაიმე სხვა ფორმით", - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ - „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI), „მედიის განვითარების ფონდი" (MDF), „თანასწორობის მოძრაობა", „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი" (IDSD), „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" (TI), „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო", „კონსტიტუტიიც 42-ე მუხლი", „საქართველოს რეფორმების ასოციაცია" (GRASS), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI).
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно