,,კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება ნივთიერება, რომელიც რეალურად არის სასიკვდილო შხამი"– აკაკი ზოიძე


     ბიუროს სხდომაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს.
 
     „ბოლო პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა რადიკალიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა და დაპირისპირების მძლავრი ტალღა შეიქმნა. რამდენიმე განცხადება გაკეთდა თითქოს და ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები კანონის მიუღებლობით იყო განპირობებული, რაც სიმართლიდან ძალიან შორსაა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მანვე კანონპროექტის ინიციატორებს, საბოლოო კონსულტაციებისთის, საკითხის კიდევ ერთი თვით გადაწევის წინადადებით მიმართა.

     კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობის პროცესზე ისაუბრა. „ჩვენ არ დაგვიკლია ძალისხმევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები ამ უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში აზრი ორად არის გაყოფილი, ვმუშაობთ იმისათვის, რომ დავაახლოვოთ ეს პოზიციები. სულ რამდენიმე კვირაში შევძლებთ რომ ამოვწუროთ რესურსი კონსესუსის მთელ რიგ საკითხებზე და შემდეგ ფართო საზოგადოებისთვის გამოვიტანოთ განსახილველად", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

     მანვე საზოგადოებას მიმართა და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა, არ გამოიყენონ ნარკოტიკული საშუალებები. „ჩვენ თითოეულ მოქალაქეს უნდა მოვუწოდოთ, არ მოიხმარონ არანაირი ნარკოტიკი! ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება და რეალურად არის სასიკვდილო შხამი, რომელიც საათების განმავლობაში კლავს. არ მოიხმაროთ არანაირი ნარკოტიკი! მესმის, რომ ამ მოწოდებას ერთ დღეში ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა არ მოყვება, მაგრამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რისკი, რომლითაც თავიანთ საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ წამიერი სიამოვნების თუ რაღაც მოლოდინის გამო"– დასძინა ზოიძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно