საქართველოს პირველმა დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნა


     საქართველოს პირველმა არხმა ცნობილ ტელეწამყვანს, დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაუხსნა.

     დავით სოკოლოვის ვარსკვლავი მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ გაიხსნა.

     როგორც ვარსკვლავის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, ცნობილი ტელესახეებისთვის სახელობითი ვარსკვლავების გახსნის ტრადიცია 2013 წელს დამკვიდრდა და მომავალშიც გაგრძელდება.

     „საოცრად ამაყი ვარ, რომ 2013 წელს სწორედ ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ვარსკვლავების გახსნის ტრადიციას, ამ ადამიანების პატივისცემას. დარწმუნებული ვარ, ეს კვლავ გაგრძელდება. კიდევ ერთი რამით ვართ ამაყები, რომ ბატონი დავით სოკოლოვი დღემდე არის ჩვენი თანამშრომელი. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეიძლება, ჩვენ გავაკეთოთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.


     ვარსკვლავის გახსნას დაესწრო თავად დავით სოკოლოვიც.

     „ჩემო ძვირფასებო, ეს ვარსკვლავი კი არ არის, ეს არის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ეს არის სასწაული იმისა, რომ არსებობ ამ ქვეყანაზე, რომ ხარ ამ საზოგადოების წევრი. ღმერთო მამაზეციერო, ეს შეკრება ყოფილიყოს სიმბოლო იმისა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ. რომ ასეთი თავშეყრა ყოფილიყოს მარტო ჩემთვის კი არა, არა, მე სულ არ მაინტერესებს ეს, მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი გამოხედვა. მე მაინტერესებს მხოლოდ თქვენი სიტყვიერი დამოკიდებულება ჩემდამი. მე მაინტერესებს იმის გახსენება, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, რისთვისაც ვაკეთებდით და როგორც ვაკეთებდით. ღმერთო, მამაზეციერო“, – განაცხადა დავით სოკოლოვმა.

     საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.

     საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно