ოკუპანტები შექმნილ ვითარებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდნენ- სუსი


     „საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

     როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, 2018 წელს ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ შექმნილ ვითარებას, მათ შორის, უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას საქართველოში გარკვეულ საკითხებზე სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებდა.

     „ოკუპირებულ აფხაზეთში პროცესების სამართავად საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს ხელოვნურად შექმნილ „პოლიტიკურ-ეკონომიკურ" არასტაბილურობას და დე ფაქტო რეჟიმს მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. ცხინვალის რეგიონში მოქმედი დე ფაქტო რეჟიმი კი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას", - ნათქვამია სუსის ანგარიშში.

     უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული პირდაპირი ფინანსური დახმარების წილმა დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 45% (64 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში" დაახლოებით 86% (113 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. ე.წ. ბიუჯეტების დარჩენილი წილის შევსება კი რუსეთის მიერ გამოყოფილი არაპირდაპირი ფინანსური დახმარების მეშვეობით განხორციელდა.

     სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 100, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი დაარეგისტრირეს. სუსში აღნიშნავენ, რომ გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დეფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით.

     „2018 წელს საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებისა და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე", - აღნიშნავენ ანგარიშში.

     უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის​ (IPRM) შეხვედრების მიზანმიმართულ დაზიანებაში გამოიხატებოდა.

     „დეფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან გ. ოთხოზორიას, ა. ტატუნაშვილის და დ. ბაშარულის საკითხების ამოღება ულტიმატუმის სახით მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ოქტომბერსა და ნოემბერში აღნიშნული შეხვედრები არ გამართულა, ხოლო ოკუპირებულ ქ. გალში IPRM-ის ფორმატი 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ ამ დრომდე შეწყვეტილია. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ქ. გალში ექვსი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შვიდი შეხვედრა გაიმართა", - წერია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно