"პრემიუმი” უკვე წერდა იმ თაღლითური ხერხის შესახებ, რომელსაც საეჭვო შემადგენლობის "ანტიჰელმენტური” პრეპარატის "ბაქტეფორტის” გასაყიდად იყენებენ ინტერნეტ–სივრცეს ამოფარებული უცნობი პირები. მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს წამლების რეგულირების სააგენტოში მკაფიოდ განაცხადეს, რომ აღნიშნული პრეპარატი ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული არ იყო, ხოლო ცრუ–პროფესორ კუსაინოვს არასდროს უმუშავია საქართველოს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში. მიუხედავად იმისა, რომ "ბაქტეფორტის” რეკლამირება შემცირდა, სოციალურ ქსელებში აქტიურად იჩინა თავი სხვა მსგავსი პრეპარატების რეკლამამ. ამიტომ განმარტებებისთვის ჩვენ კვლავ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ.
როგორც წამლების რეგულირების სააგენტოში განაცხადეს, ფარმაცევტული პროდუქტები სავაჭრო დასახელებით „ინტოქსი", „დეტოქსი", ისევე, როგორც „ბაქტეფორტი", საქართველოში რეგისტრირებული არ არის. აღნიშნული პროდუქებტის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არაერთგვაროვანია, ასევე არ ირკვევა ამ პროდუქტების რეალური შემადგენლობა.
”ამ პროდუქტების შემადგენლობის იდენტიფიკაცია და შეფუთვაზე არსებულ ინფორმაციასთან შესაბამისობის დადგენა შეუძლებელია ლაბორატორიული ანალიზის გარეშე. არ იძებნება პროდუქტის მოხმარების ინსტრუქცია. ინტერნეტ-საიტებზე აღნიშნული პროდუქტების რეკლამა გათვლილია პირდაპირ მომხმარებელზე. პროდუქტების რეალიზება ხდება სააფთიაქო დაწესებულების გვერდის ავლით და მიეწოდება პირდაპირ მომხმარებელს, კურიერის მეშვეობით. ასეთი ტიპის პროდუქტებისაგან საზოგადოების დასაცავად, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირების ამაღლება და ყურადღების გამახვილება, რომ სხვადასხვა ქვეყნის საიტებზე რეკლამირებული საშუალებები, შესაძლოა, საეჭვო წარმომავლობის და შემადგენლობის, ასევე ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი იყოს.”– განაცხადეს წამლების რეგულირების სააგენტოში.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ბაზარზე შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების განთავსება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები კი ექვემდებარება ნებაყოფლობით რეგისტრაციას. დაუშვებელია ბიოლოგიურად აქტიური დანამატების წამლად წარმოჩენა და თერაპიული ჩვენებების მითითება.
"რეკლამის წესის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული პირების, კერძოდ, რეკლამის დამკვეთის და განმახორციელებელი პირის მიმართ, გამოიყენება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 376 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია. ვინაიდან მსგავსი პროდუქტების მარეკლამირებელი ინტერნეტ – საიტების მფლობელები არ წარმოადგენენ საქართველოს ტერიტორიაზე იდენტიფიცირებულ პირებს, ხოლო დამკვეთი ასევე უცნობია, რაიმე სანქციის დაკისრება შეუძლებელია.” – აცხადებენ სააგენტოში.
"ყოვლისმცოდნე” ინტერნეტის დახმარებით "პრემიუმმა” ადვილად დაადგინა კლონი–საიტების მფლობელი და მისი ადგილმდებარეობა. ეს ლატვიაში, ქ. რიგაში მცხოვრები ვინმე ალექსანდრე კაზაჩკოვია, რომლის სახელზე დარეგისტრირებულია 113 ვებ–გვერდი! აღნიშნული ინფორმაციით ჩვენ შსს–ს მივმართეთ, თუმცა, როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, ამ პირი წინააღმდეგ ვერანაირ სამართლებრივ ღონისძიებას ვერ გაატარებენ, რადგან მისი ქმედება არ წარმოადგენს არც კიბერდანაშაულს და არც სხვა რაიმე კანონდარღვევას. ის ფაქტიც, რომ კაზაჩკოვი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სიმბოლიკას უკანონოდ იყენებს და ჩვენი მთავრობის სახელით ცრუ ინფორმაციას ავრცელბს, არ ყოფილა საკმარისი მიზეზი მისი თაღლითური ქმედების აღსაკვეთათ. ,,სახელმწიფო სიმბოლიკის უკანონო გამოყენებას თავად ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მიხედოს," აღნიშნეს შსს–ს პრესსამსახურში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საეჭვო პრეპარატის შეძენისგან მომხმარებლის დაცვა მხოლოდ ინფორმაციული დონის ამაღლების საშუალებით არის შესაძლებელი…აი, ასეთი პარადოქსია!
წყარო: https://premiumi.ge/?p=11616