ქუვეითის ავიაკომპანია ,,Jazeera Airways“-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა


     ქუვეითის ავიაკომპანია ,,Jazeera Airways"-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ამასთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონში" საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ავიაკომპანიის მენეჯმენტი, საქართველოში ,,Jazeera Airways’’-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია ,,ვოიაჟერი", ეკონომიკის სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების", „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს", „საქაერონავიგაციისა" და „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

     „ქუვეითიდან ფრენები 2017 წელს დაიწყო. ეს არის უკვე მესამე კომპანია, რომელიც საავიაციო მიმოსვლას განახორციელებს თბილისსა და ქუვეითს შორის. ჩვენ მივესალმებით ერთ -ერთი წამყვანი ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტურიზმის კუთხით საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია, რომელიც ასევე დადებითად აისახება საერთაშორისო ვაჭრობაზეც" - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

     მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბოლო წლებში ძალიან დინამიური ზრდა გვაქვს საავიაციო სფეროში. „მაგალითად, 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა 32 პროცენტით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ტურისტული სეზონი დაიწყო და მგზავრების ზრდასთან ერთად ფართოვდება როგორც ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურა, ასევე მომსახურების შესაძლებლობები" - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა. 

     მისივე ინფორმაციით, საქართველოსა და ქუვეითს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით.

     ქუვეითის ავიაკომპანია, პირველ ეტაპზე, ელ-ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შემდეგი განრიგით იფრენს:

• ელ-ქუვეითი- თბილისი-ელ-ქუვეითი : 14:50 -18:20
• თბილისი- ელ-ქუვეითი - თბილისი : 19:10-20:45 

     „Jazeera Aiways"-ით ფრენისას ეკონომკლასის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიტანონ 30 კგ, ხოლო ბიზნესკლასის მგზავრებს - 50 კგ ბარგი.

     ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" წარმომადგენლების განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები 2016 წლის მარტიდან მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია „Jazeera Airways"-მა ელ-ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი ააშენა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მგზავრებს კიდევ უფრო დახვეწილ მომსახურებას სთავაზობს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე 9 Airbus A320 ტიპის ავიახომალდს ფლობს და ის წარმოადგენს პირველ ავიაკომპანიას ახლო აღმოსავლეთში, რომელიც 11 ივნისიდან ფრენებს A320neo ბორტით ასრულებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно