"ნაციონალურ მოძრაობას" არამარტო წარსულში ჰქონდა რუსეთთან კავშირები და მის სპეცსამსახურებთან, არამედ დღესაც აქვს და არც უარყოფენ ამ ყველაფერს" - გურამ მაჭარაშვილი


     "ნაციონალური მოძრაობის" კავშირები რუსეთთან და მისი გადაფარვის მცდელობა - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას განაგრძობს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

     "ვისაც, დაგაჯერეს, რომ ნაცი "პროდასავლელია“, "უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ" - სტატუსს ვიდეო-კოლაჟთან ერთად, სოციალურ ქსელში ავრცელებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე. ლევან მაჭავარიანის მიერ გავრცელებულ მასალაში არის კადრები და ინტერვიუები, საუბარია რუსეთთან კავშირებზე, მათ შორის ბიზნესის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით.

     საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "ნაცმოძრაობას" წარსულშიც და დღესაც ჰქონდა კავშირები რუსეთთან და ამას არც მალავენ.

     "ნაციონალურ მოძრაობას" არა მარტო წარსულში ჰქონდა რუსეთთან კავშირები და მის სპეცსამსახურებთან, არამედ დღესაც აქვს და არც უარყოფენ ამ ყველაფერს, ერთ-ერთი მათგანი დღემდე იღებს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან თანხებს და არც მალავს ამას, უბრალოდ ცდილობს გაამართლოს ხოლმე, რომ რატომღაც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან მილიონები რუბლები რომ ირიცხება, თურმე ამის გამართლება შესაძლებელია, რომელსაც მერე თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ. ასე რომ, „ნაცმოძრაობის“ პარტია ადრეც იყო კავშირში რუსეთის შესაბამის სპეცსამსახურებთან და დღესაც არის კავშირში და შესაბამისად, ეს რომ ვითომ გადამალონ, ამიტომ მოდიან შეტევაზე, რომ ვითომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს რაიმე კავშირი რუსეთის ფედერაციასთან“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.



წყარო: რუსთავი 2