,,მაღალმთიან რეგიონებში გაზს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ"- ქობულია


     ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიმართულია თბომომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზების გზით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების და ტურისტული და სარეკრეაციო რაიონების განვითარებისკენ. მემორანდუმს ხელი მოეწერა ‘სოკარის" „მწვანე ინიციატივის" ფარგლებში. 

     ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის «სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები. 

     ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „სოკარი" საქართველოში განახორციელებს მნიშვნელოვან „მწვანე ინიციატივას", რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გაზით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მომარაგების ითვალისწინებს. „ჩვენ მივესალმებით „სოკარის" ასეთ საინტერესო და რაც მთავარია, „მწვანე" ეკონომიკასთან დაკავშირებულ ინიციატივას", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

     „მწვანე ინიციატივის" ფარგლებში, კომპანია „სოკარმა" უკვე განახორციელა პილოტური პროექტი კურორტ საირმეში, რომელიც ითვალისწინებს კურორტისთვის გაზის მიწოდებას გადატანადი მოდულური კონტეინერებით. ისინი დამზადებულია გერმანული ტექნოლოგიით კომპოზიტური მასალებისგან. აღნიშნული კონტეინერებით მოხდება საირმესა და სხვა მაღალმთიან დასახლებებში კომპრესირებული სახით არსებული გაზის გადატანა და შემდეგ დასახლებული პუნქტის მილსადენში გაზის დეკომპრესირება. 

     კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადებით, კომპანია აპირებს აღნიშნული მეთოდის გამოყენებას საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის პროცესში, რადგან რთულად მისავალ ადგილებში ტრადიციული გაზსადენების მშენებლობა არამომგებიანია. „საირმეში გაზიფიკაციის სტანდარტული სქემით რომ წავსულიყავით, 8-ჯერ მეტი ფინანსური რესურსი უნდა დაგვეხარჯა. თუმცა გადატანადი მოდულების გამოყენებით პროექტი გაცილებით იაფი და ეკონომიკურად მომგებიანი გახდა," - განაცხადა მაჰირ მამედოვმა. მისი თქმით, აღნიშნული ტექნოლოგიის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს მაღალმთიან ზონებში ხე-ტყის ჭრას გათბობის მიზნით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно