როგორ ხოცავდნენ ახალდაბადებულ ბავშვებს ოსვენციმის ბანაკის მედიკოსები? - ოსვენციმის ბანაკის მეანის შემზარავი პატაკი


     პოლონელი მეანი სტანისლავ ლეშჩინსკა ერთ–ერთია იმ ადამიანთა შორის, რომელმაც ოსვენციმის საშინელება საკუთარი თვალით იხილა…

     მეანად 35 წელი ვიმუშავე, აქედან 2 წელი ქალთა საკონცენტრაციო ბანაკის ოსვენციმ–ბჟეზინკას ტყვე ვიყავი, სადაც ჩვეულებისამებრ ვაგრძელებდი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ბანაკში ჩამოყვანილი ქალებიდან ბევრი ორსული იყო. მეანის ფუნქციას რიგ–რიგობით, ფიცრებისგან აშენებულ სამ ბარაკში ვასრულებდი, სადაც  ვირთხებისგან გამოხვრეტილი უამრავი ხვრელი და ღრიჭო იყო. ბარაკებში ორივე მხრიდან სამსართულიანი საწოლები იდგა. თითოეულ ბინძურ ჩალის ლეიბზე ყოველთვის 3–4 ქალი იწვა. ჩალა მტვრად იყო ქცეული, ავადმყოფი ქალები კი თითქმის ცარიელ, ხორკლიან  ფიცრებზე იწვნენ, რისგანაც სხეული დაჟეჟილი ჰქონდათ. ეს ერთადერთი ადგილი გახლდათ, სადაც მშობიარობა იყო შესაძლებელი. ბარაკის შუაში გაჭიმული ფეჩი, წელიწადში მხოლოდ რამოდენიმეჯერ ინთებოდა, ამიტომ ტყვეები გაუსაძლისი სიცივისგან იტანჯებოდნენ. წარმოიდგინეთ ზამთარი, როდესაც ჭერში გრძელი ლოლოებია ჩამოკიდებული… მშობიარესთვის და ახალდაბადებულისთვის საჭირო წყალზე მე უნდა მეზრუნა, მაგრამ ერთი ვედრო წყლის მოსატანად 20 წუთი მჭირდებოდა. ასეთ პირობებში მშობიარის ბედი სავალალო იყო, მეანის როლი კი ძალიან ძნელი. არანაირი ანტისეპტიკური საშუალება და გადასახვევი მასალა არ გამაჩნდა.  თავიდან ყველაფრის შესრულება და პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მიწევდა. გართულების შემთხვევაში, როდესაც ექიმ–სპეციალისტის ჩარევა იყო საჭირო, მაშინაც ყველაფერს თავად ვაკეთებდი. ბანაკის გერმანელი ექიმები – როდე, კენიგი და მენგელე სხვა ერების დახმარებით ექიმის წოდებას, როგორ შეილახავდნენ, ამიტომ მათთვის დახმარების თხოვნის უფლებაც არ მქონდა. მოგვიანებით რამოდენიმეჯერ პოლონელი ექიმი ირენა კონეჩნაია დამეხმარა, რომელიც მეზობლად არსებულ განყოფილებაში მუშაობდა. ხოლო როდესაც მუცლის ტიფი შემეყარა დიდი დახმარება აღმომიჩინა ექიმმა ირენა ბიალუვნამ, იგი ყველას გულთბილად გვივლიდა.

     ოსვენციმში ექიმების მუშაობის შესახებ არაფერს ვიტყვი. რაც იქ  ვნახე ჩემს უნარს აღემატება გამოვხატო ექიმის დანიშნულების სიდიადე და მოვალეობის გმირულად შესრულება. ექიმების მოღვაწეობა და თავდადება სამუდამოდ აღიბეჭდა იმ ადამინთა გულებში, რომლებიც დღეს ვერაფერს მოგვითხრობენ, რადგან მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულნენ ტყვეობაში. ოსვენციმში ექიმი საკუთარი სიცოხლის ფასად იბრძოდა სიკვდილმისჯილ ადამიანთა სიცოცხლისათვის. სამკურნალო არსენალში მას მხოლოდ ასპირინის რამოდენიმე ფირფიტა და უზარმაზარი გული ჰქონდა. 

     ჩემს მიერ მიღებული მშობიარობის რაოდენობა 3000 აჭარბებს. აუტანელი ჭუჭყის, მატლების, ვირთხების, უწყლობისა და სხვა ენით აუწერელი საშინელებების მიუხედავად, ბანაკში სასწაულები ხდებოდა. ერთხელ ესეს–ის ექიმმა მშობიარობის დროს დედათა და ბავშვთა ინფექციის შეჭრისა და სიკვდილიანობის ანგარიშის შედგენა მიბრძანა. როდესაც ვუპასუხე, რომ დედის და ბავშვის სიკვდილის ერთი შემთხვევაც არ მქონდა ექიმმა უნდობლად შემომხედა და მითხრა, რომ გერმანიის უნივერსიტეტების საუკეთესო კლინიკებშიც ვერ დაიკვეხნიდნენ ასეთი შედეგებით. მის თვალებში შური და მრისხანება ამოვიკითხე. არ ვიცი, შესაძლოა, ბოლო ზღვარს მიღწეული ადამიანის ორგანიზმი ბაქტერიისთვისაც საკვებად უვარგისი იყო…

     ქალი, რომელიც მშობიარობისთვის ემზადებოდა იძულებული იყო დიდი ხნის მანძილზე უარი ეთქვა კუთვნილ პურზე, რათა მის სანაცვლოდ ზეწარი მიეღო. ზეწარს  ნაწილებად ხევდა, რომ ბავშვს სახვევები ჰქონოდა. სახვევების რეცხვა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან  ბარაკის დატოვება მკაცრად იყო აკრძალული, ხოლო მის შიგნით თავისუფლად რამის გაკეთება თითქმის შეუძლებელი იყო. გარეცხილ სახვევებს  მშობიარე ქალები საკუთარ სხეულზე აშრობდნენ. 

     1943 წლის მაისამდე ოსვენციმის ბანაკში დაბადებულ ბავშვებს სასტიკად უსწორდებოდნენ, მათ კასრში ახრჩობდნენ. ამას აკეთებდნენ ექთნები – კლარა და პფანი. პროფესიით მეანი კლარა ბანაკში ჩვილთა მოკვდინების გამო მოხვდა. მას აეკრძალა პროფესიით მუშაობა და ამიტომ იმის გაკეთება დაავალეს, რაც კარგათ ეხერხებოდა. მას ბარაკის უფროსის პოზიცია ეკავა, ხოლო დამხმარედ გერმანელი მეძავი ქალი პფანი მიუჩინეს. ყოველი მშობიარობის შემდეგ ამ ქალების ოთახიდან დედებს  წყლის ძლიერი შხაპუნი ესმოდათ. ამის შემდეგ ახლადნამშობიარებელი დედა შვილის სხეულს ბარაკის გარეთ  ხედავდა დაგდებულს, რომელსაც ვირთხები ჯიჯგნიდნენ. 1943 წლის მაისში ზოგიერთი ბავშვის მდგომარეობა შეიცვალა. ქერა თმიან,  ცისფერთვალება ბავშვებს გერმანიაში, დენაციონალიზაციის მიზნით აგზავნიდნენ. რა მწარედ ტიროდნენ დედები, როდესაც მათ შვილებთან აშორებდნენ! სანამ ბავშვი დედასთან რჩებოდა, თვით დედობა იმედის სხივად ევლინებოდათ. ხოლო განშორება საზარელი იყო!..

     ებრაელ ბავშვებს უწინდელი დაუნდობლობით ახრჩობდნენ კასრში. საუბარიც ზედემტი იყო იმაზე, რომ ებრაელი ბავშვი არაებრაელ ბავშვებს შორის დაემალათ. კლარა და პფანი ებრაელ მშობიარე ქალებს მუდმივად უთვალთვალებდნენ. დაბადებულ ბავშვს დედის ნომრით დაღავდენენ, კასრში ახრჩობდნენ და ბარაკიდან აგდებდნენ. დანარჩენი ბავშვების ბედი უფრო უარესი იყო: ისინი შიმშილისგან, ნელი სიკვდილით კვდებოდნენ. მათი კანი პერგამენტის ქაღალდივით თხელი ხდებოდა, მის ქვეშ კი მყესები, სისხლძარღვები და ძვლები ჩანდა. ყველაზე დიდხანს ცოცხლობდნენ ბავშვები საბჭოთა კავშირიდან. ბანაკის ტყვე ქალთა 50% სსრკ–დან იყო. 

      იქ დატრიალებული ტრაგედიებიდან ყველაზე ნათლად ერთი ქალის ისტორია დამამახსოვრდა. ის ვილნიუსიდან იყო და ოსვენციმში პარტიზანებისთვის აღმოჩენილი დახმარების გამო გააგზავნეს. მშობიარობისთანავე დაცვამ მისი ნომერი წამოიძახა. მაშინვე გავედი, რათა მდგომარეობა ამეხსნა, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ რისხვა გამოვიწვიე. მივხვდი, რომ ქალს კრემატორიუმში იძახებდნენ.  მან ბავშვი ჭუჭყიან ქაღალდში გაახვია და გულთან მიიკრა... მისი ტუჩები უხმოდ მოძრაობდა – ეტყობა პატარასთვის იავნანა უნდა ემღერა, ასე უმღეროდნენ ბავშვებს დედები, რათა სიცივესა და შიმშილში, როგორმე ენუგეშებინათ ისინი. ამ ქალს კი ძალაც არ ჰქონდა... ხმას ვერ იღებდა – მხოლოდ მსხვილი ცრემლი ჩამოსდიოდა ფერმკრთალ ლოყებზე და პატარა ტყვეს თავზე ეცემოდა. ძნელია იმის თქმა, თუ რა იყო  უფრო ტრაგიკული – დედის თვალწინ ბავშვის მკვლელობა თუ დედის სიკვდილი, რომლის ცნობიერებაშიც ბედის ანაბარა დარჩენილი შვილია.  ამ კოშმარულ მოგონებებს შორის ჩემს ცნობიერებაში ტრიალებს მხოლოდ ერთი აზრი, ერთი ლაიტმოტივი: ყველა ბავშვი დაიბადა ცოცხალი! მათი მიზანი სიცოცხლე იყო, მაგრამ მათგან ცოცხალმა ოცდაათამდე თუ გააღწია ბანაკიდან თავი. რამოდენიმე ასეული ბავშვი გერმანიაში გაიყვანეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე დენაციონალიზაციის მიზნით, 1500 –ზე მეტი ჩვილი კლარა და პფანიმ დაახრჩვეს, 1000 მეტი ბავშვი სიცივისა და შიმშილისგან დაიღუპა.  ეს არის დაახლოებითი მონაცემები, სადაც 1943 წლის აპრილის ბოლოდან არსებული სტატისტიკა არაა აღრიცხული.

     აქამდე არ მქონდა შესაძლებლობა გადამეცა ჯანმრთელობის სამსახურისთვის ოსვენციმის შესახებ ჩემი პატაკი, ამიტომ გადავცემ ახლა, იმ დედების და ბავშვების სახელით, რომლებიც დღეს ვერაფერს მოუთხრობენ სამყაროს, მათთვის მიყენებული ბოროტების შესახებ. თუ ჩემს სამშობლოში, ომის მწარე გამოცდილების მიუხედავად, ოდესმე წარმოიქმნება სიცოცხლის საწინააღმდეგო ტენდენციები, მე ყველა მეანის, დედისა და მამის, ყველა ზნეობრივი მოქალაქის იმედი მაქვს, რომ ისინი ბავშვის სიცოცხლის და უფლებების დაცვისთვის ხმას აიმაღლებენ. საკონცენტრაციო ბანაკში ყველა ბავშვი, მოლოდინის საწინააღმდეგოდ – ცოცხლები, ლამაზები და პუტკუნები იბადებოდნენ. სიძულვილს დაპირისპირებული ბუნება მტკიცედ იბრძოდა თავისი უფლებებისთვის და უცნობ სასიცოცხლო რეზერვებს აგნებდა. ბუნება მეანის მასწავლებელია. ის ბუნებასთან ერთად იბრძვის სიცოცხლისთვის და მასთან ერთად ამცნობს სამყაროს ყველაზე მშვენიერ მოვლენას – ბავშვის ღიმილს.
სტანისლავა ლეშჩინსკა
პოლონელი მეანი, ოსვენციმის ტყვე.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://www.world-war.ru/akusherka-koncentracionnogo-lagerya/