საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია


     თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

     „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ არის პირველი ოფიციალური ვიზიტი იტალიის პრეზიდენტის საქართველოში. იტალია არის საქართველოს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის. ჩვენ გვაქვს ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან სერიოზული დინამიკა, მოგეხსენებათ, რომ განხორციელდა უმაღლესი თანამდებობის პირების - პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ვიზიტები იტალიაში. საპასუხო ვიზიტი ადასტურებს, რომ იტალიის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია" - განაცხადა საგარეო უწყების ხელძღვანელმა.

     როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას აღნიშნა იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრებზე განხილულ იქნება ორმხრივ ურთიერთობები ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში. მინისტრის თქმით სხვადასხვა სფეროში რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება და ასევე გაიმართება ბიზნეს ფორუმი. დავით ზალკალიანის შეფასებით აღნიშნული ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებს.

     საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იტალიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.

     სერჯო მატარელა ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

     იტალიის პრეზიდენტი ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. სერჯო მატარელა ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს "ქართულ-იტალიური” ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას.
скачать dle 11.0фильмы бесплатно