,,რუსეთის ქმედება მეტყველებს შუასაუკუნეობრივ ველურობაზე"– ჯუმბერ კირვალიძე


     ზუსტად 10 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 2 განუყოფელი ტერიტორია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა"! რუსეთის მხრიდან განხორციელებული ეს ქმედება გახლავთ, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირება და შელახვა, რამაც შემდგომ გაგრძელება ჰპოვა რუსეთის თავხედურ განცხადებაში, რომ, თურმე საქართველო "უნდა შეეგუოს ამ ახალ რეალობას", ანუ საქართველომ, არც კი უნდა იფიქროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე ერთიანი საქართველოს ფარგლებში!
 
     ამგვარი შუასაუკუნეობრივი რიტორიკით და სტრატეგიით სარგებლობდნენ აღმოსავლეთის დესპოტური იმპერიები და მათი მმართველები, მონღოლები და სხვები. აგრეთვე, დასავლეთში ამერიკელი კოლონიზატორები, როდესაც ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში ინდიელთა სხვადასხვა ტომებს უკრძალავდნენ (ზოგჯერ, ნაწილობრივ) მათ მკვიდრ ტერიტორიაზე ცხოვრებას და ასახლებდნენ სპეციალურ რეზერვაციებში! ასე რომ, ამ შემთხვევაში, საუბარი არ არის იმის შესახებ, თუ - "ვინ და რატომ დაიწყო ომი" და ა.შ. 

     ცივილიზებულ სამყაროში ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ყველაფერი მთავრდება სამშვიდობო პროცესით, სამშვიდობო შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს ამ ომის მიზეზებს და გამოაქვს სხვადასხვა ხასიათის შესაბამისი დასკვნები, - პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი (მაგ. სამხედრო დამნაშავეების დასჯა) და სხვა! მაგრამ, არამც და არამც, არ შეიძლება მეზობელი სახელმწიფოს, თუნდაც ომში დამარცხებულის, სხვადასხვა მოგონილი მიზეზით თუ საბაბით დანაწევრება, მისი შემადგენელი რეგიონების "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება", რადგანაც ეს ზუსტადაც მეტყველებს შუასაუკუნეობრივ ველურობაზე, რასაც არცერთი ჭკუათმყოფელი სახელმწიფო და ხალხი არ გაამართლებს! ამიტომ, რაც უფრო ადრე მიხვდება ამას რუსეთის პოლიტიკური ელიტა, რუსული ეკლესია და რაც მთავარია, რუსული საზოგადოება, მით უფრო მალე აღსდგება ქართველ და რუს ხალხებს (ხაზგასმით) შორის, ტრადიციულად კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობები!

     P.S. დღეს, საქართველოში ათეულ ათასობით რუსი ტურისტი იმყოფება და საქართველოსთვის მართებულად და სასარგებლოდ მიმაჩნია, რომ თითოეულმა ქართველმა, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, სწორედ ამდაგვარი შინაარსის საუბრით, რაც ამ სტატუსშია, დაანახოს მათ, მათივე სახელმწიფოს არასამართლიანი და მეტიც, სამარცხვინო ქმედება ჩვენი სამშობლოს მიმართ! დამიჯერეთ, ესეც საქმეა...
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно