„შავი ძალის“ თვითიდენტიფიკაცია მოახდინეთ თქვენვე"– ირაკლი კობახიძე


     „არაერთი ტყუილი მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მოვისმინეთ, ეს არის კატასტროფა. 107 ათასი დაუმალავს ირაკლი მექვაბიშვილს იმიტომ, რომ არ ყოფილა 107 ათასი გამოსაჩენი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. თქვენს შავ ფულს მიხედეთ",- ასე უპასუხა პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებებს.

     ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ეპითეტები ძალიან ცუდი რამეა". მისი თქმით, ხალხმა იცის, ვინ არის „შავი ძალა" და ამას პასუხი ზუსტად 28 ოქტომბერს გაეცემა.

     „რაც შეეხება ეპითეტებს, ეს არის ძალიან ცუდი რამე და ყველამ თავის თავში ჩაიხედოს. მე ერთ რამეს შეგახსენებთ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და შესთავაზა დებატები „შავი ძალის" ორ წარმომადგენელს. სახელები, გვარები და ძალა არ დაუკონკრეტებია და უცბათ გამოვიდა ორი სუბიექტი და გამოთქვა მზადყოფნა დებატებში ჩართვაზე. „შავი ძალის" თვითიდენტიფიკაცია მოახდინეთ თქვენვე. „კაგებეშნიკი" ვახსენე, თქვენვე მოახდინეთ იდენტიფიკაცია საკუთარი კანდიდატის. ყველამ ყველაფერი იცისო, რომ ამბობთ, ეს არის ზუსტად ის. შავი ძალა და „კაგებეშნიკი" ვინ არის, ეს იცის ხალხმა და ამას გაეცემა პასუხი ზუსტად 28 ოქტომბერს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

     ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, სიღარიბე 300 ათასით შემცირდა და შემდგომი წლების განმავლობაში, ხელისუფლება სიღარიბის კიდევ უფრო შემცირებას და საბოლოო ჯამში, აღმოფხვრას შეეცდება.

     „რაც შეეხება სიღარიბეს, ხომ ამბობთ თქვენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს ხომ ტყუილია. ტყუილი რა არის, ახლა გეტყვით: თქვენ დატოვეთ სიღარიბე 30%-ი, მსოფლიო ბანკის მონაცემებია. ჩვენ რომ გადმოვიბარეთ ხელისუფლება, სიღარიბე იყო 1 მლნ 100 ათასი ადამიანი საქართველოში. ჩვენ დროს, ახლა, 2018 წელს სიღარიბე არის 800 ათასი ადამიანი. აკვირდებით? 300 ათასით შემცირდა. რა თქმა უნდა 800 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა რჩება. ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც დაგვიტოვეთ და რაც თანდათანობით მცირდება. ნუ მანიპულირებთ, ტყუილს ნუ ეუბნებით საზოგადოებას. სიღარიბე რომ არის, ფაქტია, მაგრამ ეს არის თქვენი დანატოვარი, 300 ათასზე მეტით ვერ შევამცირებდით ჩვენ ამას ხუთი წლის განმავლობაში. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ვეცდებით, რომ კიდევ ამდენით და კიდევ უფრო მეტით შევამციროთ და საბოლოო ჯამში აღმოვფხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ტყუილს ნუ იტყვით, ნუ იტყვით რამდენია ღარიბი. თქვით, რამდენი იყო და ახლა რამდენია. აი, ეს იქნება სიმართლე, მაგრამ მაგ სიმართლის თქვენ, ბუნებრივია, გეშინიათ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

     ირაკლი კობახიძემ უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც.

     „ფონდს რაც შეეხება, მე მაქვს დეტალური ინფორმაცია ფონდთან დაკავშირებით. რომ ამოიღეთ ის მონაცემები სალომე ზურაბიშვილის ფონდიდან, რამდენი იყო შემოწირულობა და რამდენი იყო ხარჯი? და რა, აუდიტის სამსახურმა დამალა 107 ათასი? ანუ, არაერთი ტყუილი მოვისმინეთ და კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მოვისმინეთ, ეს არის კატასტროფა. 107 ათასი დაუმალავს ირაკლი მექვაბიშვილს იმიტომ, რომ არ ყოფილა 107 ათასი გამოსაჩენი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. თქვენ შავ ფულს მიხედეთ, უკაცრავად, ეს შემიძლია გითხრათ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно