ლავროვი ავსტრიაში რუსეთის ჯაშუშობისთვის ეჭვმიტანილის დაკავებით უსიამოვნოდ გაკვირვებულია


      ავსტრიაში რუსეთის ჯაშუშობისთვის ეჭვმიტანილის დაკავებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა კომორის კუნძულების კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

     რუსეთის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ სიახლით უსიამოვნოდ გაკვირვებულია.

     „ამის შესახებ ახლახანს შევიტყვე. სიმართლე გითხრათ, ამ ინფორმაციამ უსიამოვნოდ გამაკვირვა. უხსოვარი დროიდან მიღებულია, რომ თუ რომელიმე ქვეყანა სხვა ქვეყნის ქმედებების გამო შეშფოთებულია და გარკვეული ეჭვები აქვს, ეს კი აღნიშნული ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, საერთაშორისო კომუნიკაციის ნორმების შესაბამისად, პირდაპირ აღნიშნულ სახელმწიფოს უნდა მიმართოს და ახსნა-განმარტება თხოვოს",-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.

     ავსტრიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით შეირაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი დააკავეს. ამის შესახებ Kronen Zeitung-მა დაწერა. ავსტრიული გამოცემის ცნობით, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი რუსეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობას 20 წლის განმავლობაში ეწეოდა.

     ჯაშუშობის ბრალდებით ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარეს.

     გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც ამჟამად 70 წლისაა, სავარაუდოდ, აგროვებდა ინფორმაციას ავსტრიის სამხედრო-საჰაერო ძალების, საარტილერიო სისტემებისა და მიგრაციული კრიზისის შესახებ. ის ასევე ეჭვმიტანილია ავსტრიელი სამხედრო მაღალჩინოსნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გადაცემაში.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/sergei-lavrovi-ackhadebs-rom-avstriashi-rusetis-jashushobistvis-echvmitanilis-dakavebit-usiamovnod-gakvirvebulia/