,,დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს, რომ დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ისარგებლოს საბაგიროთი"- ბახტაძე


     ,,კობი-გუდაურის საბაგირო გზა არის ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური პროექტი," – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის საბაგირო გზის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

     მისი თქმით, აღნიშნულ პროექტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კობის, გუდაურისა და ყაზბეგის მოსახლეობისთვის.

     „მინდა გულწრფელად მივულოცო ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენი კობის, გუდაურისა და ყაზბეგის მოსახლეობას, რადგან, ჩემი აზრით, სწორედ მათ ესმით ყველაზე კარგად ამ გზის შესაძლებლობები, პოტენციალი და ამავე დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა.

     რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ გუდაურის როგორც კურორტის ჩამოყალიბების 30 წლის იუბილე. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გუდაურში 500 პროცენტით გაიზარდა. ეს მართლაც ძალინ დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს საუკეთესო მსოფლიოში.

     გუდაური წელს ახალ სეზონს შეხვდა ბევრი სიახლით, მაგრამ ეს პროექტი მართლაც უნიკალურია. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. აღნიშნული პროექტის რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ კობის, გუდაურისა და სტეფანწმინდის ერთ კლასტერდ განვითარებას. თუ ვნახავთ შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტების წარმატებას, ჩვენმა კოლეგებმა სწორედ აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის მეშვეობით შეძლეს საუკეთესო შედეგების მიღწევა და დარწმუნებული ვარ, ჩვენც მივუახლოვდებით ევროპელი მეგობრების დონეს", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

     პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ასევე კომპანიას, რომელმაც შეძლო აღნიშნული პროექტის რეალიზაცია. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „პომას", ასევე ყველა ინჟინერსა და ტექნოლოგს, რომელთაც ასე მოკლე ვადებში, ყველაზე რთულ რეფლიეფსა და კლიმატურ პირობებში შეძლეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია.

     „ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად, ეს პროექტი დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც იკეტება კობი-გუდაურის საავტომობილო გზა. დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს, რომ დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ისარგებლოს აღნიშნული საბაგიროთი და შესაბამისად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა სისტემურად გადაწყდება 2023 წელს, როდესაც დავასრულებთ ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევასაც.

     მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პროექტის რეალიზაციაში მონაწილეობა მიიღო. მწამს, საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების ქვეყანა", – განაცხადა პრემიერმა.

     7.5 კმ სიგრძის კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომლის მშენებლობაში 81 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, გუდაურის საბაგიროების ერთიან სისტემაში ერთიანდება და მისი გამტარუნარიანობა საათში 2 800 მგზავრია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно