"რუსეთმა "მწვანე აუნთო" საქართველოს ნატო-ში გაწევრებას, -აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე"?! - კირვალიძე


      პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა:"რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება", - ანუ,  უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ?! საიდან ვაკეთებთ ასეთ დასკვნას? გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს" და მუდმივად მოუწოდებს საქართველოს, რათა იგი შეეგუოს რეგიონში არსებულ "ახალ პოლიტიკურ რეალობას"!
 
     რუსეთის ოფიციალურ პირებს, 2008 წლის შემდეგ და მანამდეც, არასოდეს გაუკეთებიათ ამგვარი შინაარსის განცხადება, რაც გუშინ გაახმოვანა ლავრომა! ეს მეტად დამაფიქრებელია, რადგანაც თუ უკანასკნელ პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს გავიხსენებთ, არ არის გამორიცხული, რომ ქართველი ხალხის, ქართველი დევნილების ზურგს უკან, საქართველოს ხელისუფლების და ნაცოპოზიციის "მდუმარე" თანხმობით ხდება ამ შინაარსის წინადადებების განხილვა, ანუ დასავლეთსა და რუსეთს შორის ჩვენი ტერიტორიების გავლენის სფეროებად "გადანაწილების" პროცესი!  ვიმეორებ, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურები და უმაღლესი ხელმძღვანელი პირები, მუდამ აცხადებდნენ, მეტიც, იმუქრებოდნენ, რომ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვაც კი, ურთულეს, არაპროგნოზირებად სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენებს გამოიწვევდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში! ლავროვის გუშინდელი განცხადება კი, კარდინალურად განსხვავდება რუსეთის მიერ აქამდე გაცხადებული პოზიციებისაგან!
 
    რა გამოდის, რომ რუსეთმა "მწვანე აუნთო" ნატოში გაწევრიანებისაკენ მიმავალ საქართველოს, ოღონდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე?! თავის მხრივ, დასავლეთის გარკვეული გავლენიანი წრეები (ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი და სხვები), საქართველოს იმ ტერიტორიის ნატოში მიღებას გვთავაზობს, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და ნატოს 5-ე მუხლის "დროებით არ გავრცელებას", რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე! დასავლეთის ეს ხედვა ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიის "დროებით" გაყოფაზე მიგვანიშნებს, რაც ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ლავროვის მიერ გაცხადებულ პოზიციას!
 
     ალბათ, ეს ორმხრივი განცხადებები იმას ნიშნავს, რომ  დასავლეთის "არაღიარების" პოლიტიკა საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთ-ცხინვალის მიმართ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ვერც რუსეთი შეძლებს თავისი გავლენის გაფართოებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე! ამგვარად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და მისი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხები, - "დიდ თავის ტკივილად" იქცა ორივე მხარისთვის, როგორც დასავლეთისთვის ისე რუსეთისთვის, ამიტომ, მათ შორის, "კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას" ("მოლაპარაკება-გარიგება") ალტერნატივა არ გააჩნია!!!"– წერს ჯუმბერ კირვალიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно