ოპოზიცია დღესაც აგრძელებს ბრძოლას საუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ - წულუკიანი


     მხოლოდ გუშინდელი საუბარი რომ ავიღოთ, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის განცხადებები, რომ აშშ თავს ანებებს საქართველოს, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო  საუბარს.

    იუსტიციის მინისტრის თქმით, აშშ პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ყოველთვის გვერდით უდგას.

    „აღნიშნული სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტიორობა მაღალ დონეზეა. როგორც ორი მეგობარი ქვეყანა იხილავს ყოველთვის ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ასე მოხდა ახლაც. არსებობს აბსოლუტური დამთხვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ეს ის რეალიზებული აუცილებლობაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ამ ქვეყანაში. გავიხსენოთ თუნდაც ის, რომ რვა წლის წინ შეუძლებელი იყო, ვინმეს ეფიქრა, რომ საარჩევნო სია სანდო იყო, დღეს ეს სია სანდოა. შეუძლებელი იყო წარმოდგენა, რომ რომელიმე არჩევნების მეორე ტური ჩატარდებოდა, ჩვენ ამ წლების მანძილზე მრავლად გვქონდა მეორე ტურები, სადაც ამომრჩეველი თვითონ წყვეტს, ვინ იყოს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში. ასე იქნება ახლაც და სწორედ ამის შესახებ შედგა საუბარი, რომ საქართველო განუხრელად მიჰყვება თავისუფალი და გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების გზას", – განაცხადა წულუკიანმა.

     ამასთან, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სატელეფონო კომუნიკაციაზე ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა და ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.

    „მხოლოდ გუშინდელი საუბარი რომ ავიღოთ ორ პირს შორის, მხოლოდ ამ ერთი კონტაქტის ფონზე, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის სპეკულაციები და განცხადებები, თითქოს აშშ თავს ანებებს საქართველოს, ქართველ ხალხს და ამ მეგობრობასა და პარტნიორობაში ჩნდება რამე ტიპის ხინჯი. დასანანია, რომ ოპოზიცია, როგორც ეს ხდებოდა ბრიუსელში, ვიზალიბერალიზაციის დროს, დღესაც აგრძელებს ბრძოლას საუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს მხარდაჭერა, ქართველმა ხალხმა არ მიიღოს ფინანსური დახმარება და როგორმე საქართველო ვინმემ, სადმე გააკრიტიკოს. ეს არის არა „ქართული ოცნების" მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც არავითარი წარმატების შანსი არ გააჩნია და ამას მოწმობს სწორედ გუშინდელი მეგობრული, პარტნიორული და სწორედ მომავალზე ორიენტირებული სატელეფონო კონტაქტი", – განაცხადა წულუკიანმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно