"მუდმივად თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს"- ევროპარლამენტარი


     არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი შემაშფოთებელი ვითარება და მცოცავი ანექსიის შემთხვევები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.

     საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლო მექანიზმებს, რომელიც გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმზე.

     ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, განსახილველ საკითხთა შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შედეგად ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში შექმნილი ვაკუუმი და ის ნაბიჯები იყო, რომელიც უნდა გადაიდგას. პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს საკუთარი მოსაზრებები გააცნო უშიშროების საბჭოს გაუქმებასა და აღნიშნული ვაკუუმის შესავსებად არსებულ რესურსებთან დაკავშირებით.

     ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებით, ევროპარლამენტი და მისი დეპუტატები იცნობენ საქართველოში მიმდინარე ანექსიის ფაქტებს და გადაუწყვეტელ კონფლიქტებს.

     "პარლამენტი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსენებს იმ ამბებს, რომლებიც დღემდე ნათლად ასახავენ იმას, თუ რას შეიძლება ველოდოთ რუსეთისგან", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

      მაიკლ გალერის განცხადებით, ევროპარლამენტი მიესალმება უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიმართ ამერიკელი მეგობრებისა და ნატოს მიერ გამოხატულ მხარდაჭერას.

      "ჩვენც ორმხრივი თანამშრომლობის, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით, მუდმივად თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს", - აღნიშნა მაიკლ გალერმა. მისი განცხადებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისს მაღალი რანგის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა ევროკავშირიდან.

      შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно