შსს–მ ანაკლიაში, თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავა


     ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ირანის რესპუბლიკის 5 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს"– ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. 
 
     მისი თქმით, ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამართალდამცავებმა 29 პირი დააკავეს. მათ შორის არიან უკრაინის და ირანის მოქალაქეები.  

     ,,სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

     სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 15 პირი დააკავეს.

     თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ი.ი., რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები: კოკაინი, კეტამინი და ამფეტამინი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

     შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი" და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი" ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე მათგანისგან ამოღებულია 8 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 700 გრამამდე „ჰეროინი".

     გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დაკავებულია 2 პირი. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკი: 25 აბი „ექსტაზი", ასევე, „ამფეტამინი", „მდმა" და „LSD".

     ფონიჭალაში ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დაკავებულია 1 პირი. პოლიციამ დაკავებულისგან საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 99 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ქვეყანაში დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ცდილობდნენ"– განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно