შსს 9 სექტემბერს დაგეგმილ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


     შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 სექტემბერს დაგეგმილ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

     საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" გაიმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა. ამასთან, სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და იცავს მათ უსაფრთხოებას სქესის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.

    შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно