შსს–მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა - დაკავებულია ორი პირი


     შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დაკავებულია ორი პირი. მინისტრის მოადგილის თქმით, სამართალდამცველებმა 2 თვის მანძილზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს.

     ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოვლინდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვით, ინტერნეტით ხდებოდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზება. მისი განცხადებით, უწყება ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს.

     ,,ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით. გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი.

     მიმდინარე წლის 7 მაისს, აღნიშნული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორივე ბრალდებული ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით იქნა დაკავებული. პოლიციამ, ქალბატონის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი - ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

     გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно