ნაქერალის უღელტეხილზე კოლხური ბზის კორომები შეწამლეს


     ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლითი ღონისძიებები ხორციელდება.

     საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნაქერალის უღელტეხილზე 20 ჰა-მდე ფართობი შეიწამლა. მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ადგილზე გაეცნო.

     გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტო ბზის კორომების შეწამვლას საქართველოს სამ რეგიონში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წლიდან ახორციელებს. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, შეწამვლითი სამუშაოები სამჯერ, 400 ჰა ფართობზე განხორციელდა, რასაც 2017 წელს დაემატა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი. საერთო ჯამში, გასულ წელს ბიოლოგიური პრეპარატით შეწამლეს 550 ჰა ბზით დაფარული ფართობი.

     ბზის კორომები ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წელსაც სამჯერ იქნება შეწამლული საქართველოს სამ რეგიონში – იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში. ასევე, მავნებლის ინტენსიური მონიტორინგისა და დიდი რაოდენობით დაჭერა-განადგურების მიზნით, ბზის კორომებში განთავსდება 1 500 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი.

     ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ასევე  იგეგმება მავნებელთან ბრძოლის სხვადასხვა ალტერნატიული ღონისძიების გამოცდაც.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно