მეორე ქვეითი ბრიგადა 26 წლისაა (ფოტოები)


     სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ქვედანაყოფის დაარსების 26 წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. II ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მან ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გადაინაცვლა და სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის დაარსების დღე პირადად მიულოცა.

     საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. გამორჩეული სამსახურისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით 2 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. სწავლება „ქარიშხალი 2018"-ის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელები 8 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. ბრიგადის მეთაურის მადლობა გამოეცხადა 24 სამხედრო მოსამსახურეს.

     სენაკის ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალიც გაიმართა. II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება. ავღანეთში გამგზავრებამდე ნაკრებმა ასეულმა 2-თვიანი მომზადება ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში გაიარა. 

     გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით ქართველმა სამხედროებმა „შვარცენბორნის" ბაზაზე ამოცანაზე ორიენტირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლებები განახორციელეს. ჰამელბურგში სერტიფიცირების შემდეგ, ქვედანაყოფმა დადებითი შეფასება მიიღო და დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად მზად არის.
 
 
 
 
 

 
 
 
 
 
скачать dle 11.0фильмы бесплатно