მუნიციპალური პარკინგის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმა გაიზრდება


     კახა კალაძის განცხადებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" კანონდამრღვევების დაჯარიმება დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ჯარიმის ოდენობა დაბალია, მუნიციპალური პარკინგის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები გრძელდება.

     „ქალაქში, სამწუხაროდ, არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის.ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირ შემთხვევაში, გახსნილი აქვთ ტურისტული ბიუროები, ვიზების მომსახურება; არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები შევსებულია გასაქირავებელი ავტომანქანებითა და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკინგით ისარგებლონ. ჩემი დავალება იყო, რომ განგვეხორციელებინა დაჯარიმება, რაც „სატრანსპორტო კომპანიას" დაევალა. რა თქმა უნდა, გამოიწერა ჯარიმები, თუმცა, როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ძალიან დაბალია – 10 ლარი და ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას არანაირად არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა ქალაქში არსებობს ძალიან ბევრი ლოკაცია, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია. არავის აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, ავტომობილის გაჩერება შეუზღუდონ. შესაბამისად, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ მოხდეს ჯარიმის ოდენობის გაზრდა, გამკაცრება, რათა შედეგი გამოიღოს", – განაცხადა კალაძემ.

     „ჩვენ იგივე მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, გადაწყვეტილებები მივიღეთ. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ მიდგომას. საუბარი იყო, რომ ჯარიმების გაზრდით,აღნიშნულ პრობლემას ვერ მოვაგვარებდით, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. აქაც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რისი მიღებაც ჩვენ საბოლოოდ გვინდა, თუმცა სამშენებლო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული", – აღნიშნა კახა კალაძემ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно