,,ბასიანი" ხმამაღლა საუბრობს ჰომოფობიის მაღალ მაჩვენებელსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე"– კლუბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს


     კლუბ "ბასიანის" ხელმძღვანელობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ულტრაპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

     ,,კლუბი BASSIANI / HOROOM 2014 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნა და მოკლე პერიოდში შეძლო არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ მსოფლიოს საკლუბო კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილის მოპოვება. ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო მედია გამოცემები, აღიარებული არტისტები და პროდიუსერები დღეს მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად და საერთაშორისო სცენისთვის მიმართულების მიმცემ სივრცედ ასახელებენ. უამრავი ადამიანი შორეული ქვეყნებიდან თბილისს სწორედ ამ კლუბის და ქართული ელექტრონული სცენის გასაცნობად სტუმრობს.

     რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, BASSIANI / HOROOM, როგორც მოძრაობა, დაარსების დღიდან დგას სოციალური ცვლილებების ავანგარდში და ხმამაღლა საუბრობს ქვეყანაში არსებულ უთანასწორო გარემოზე, ჰომოფობიის მაღალ მაჩვენებელსა თუ ქალთა მიმართ ძალადობაზე და მთელი ძალით ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრას. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ჩვენი გაცხადებული სიმართლისა და ღირებულებების გამო გავხდით რეგრესული და პრორუსული ძალების სამიზნე ობიექტი, სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საეჭვო ძალების მხრიდდან ჩვენი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და დემონიზირების პროცესი.

     ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში უცნობ მომწამვლელ სუბსტანციას 5 ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, რომლის შემცველობა ჯერ კიდევ დაუდგენელელია, მისი მომწოდებელი კი დაუსჯელი. პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს.

     ამ თემის ირგვლივ BASSIANI / HOROOM-ის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება, ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება. კლუბის დახურვას და მეპატრონეების დაპატიმრებას ითხოვენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები. მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში.

     აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა ასევე არაერთხელ სცადეს ჩვენი კლუბის დაპირისპირების ინსტრუმენტად ქცევა და ჩვენი სახელის გამოყენება საკუთარი ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.

     გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ BASSIANI / HOROOM-ის დაარსების დღიდან კლუბის ტერიტორიაზე არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ შექმნია საფრთხე, თუ არ ჩავთვლით ჩვენს დაცვის წევრებზე განხორციელებულ თავდასხმას.

     სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ტრაგიკული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა კლუბის ტერიტორიაზე არ მომხდარა. გავრცელებული ჭორები, თითქოს ეს ადამიანები BASSIANI / HOROOM-ის სივრცეში იმყოფებოდნენ არ დასტურდება. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ათასობით ადამიანის მსგავსად, რომელიმე მათგანი ნამდვილად ყოფილიყო კლუბის ტერიტორიაზე, ისევე როგორ სხვადასხვა საჯარო სივრცეებში, ქუჩაში თუ სახლში.

     მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა მავნე, მომწამლავი ნივთიერების შედეგად ადამიანი სად გარდაიცვლება, თითეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ჯანდაცვასა და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკით.

     აგრეთვე სრული პასუსისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კლუბ BASSIANI / HOROOM-ზე არანაირი ნარკოტიკით უკანონო ვაჭრობა არ მიმდინარეობს. კლუბში შემომსვლელი თითოეული ადამიანი საფუძვლიანად იჩხრიკება. ასევე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კლუბის ტერიტორიაზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ადამიანი ვერ ხვდება, როგორც ამას სხვადასხვა დაჯგუფებები გვაბრალებენ. კლუბს მხოლოდ სრულწლოვანი, ზრდასრული მოქალაქეები სტუმრობენ, ცალკეული სუბსტანციების მიღება-არმიღების საკითხს კი მოქალაქეები ინდივიდუალურად წყვეტენ, რასთანაც კლუბს არანაირი კავშირი არ აქვს და ვერც ექნება.

     არ დაგვავიწყდეს დღეს ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ნარკოტიკული საშუალების მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო ნივთიერების მილიგრამების ფლობა 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არათუ პრობლემის გადაჭრისკენ არაა მომართული, არამედ თავად ხდება პრობლემის, ზოგჯერ კი საუბედუროდ ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი.

     დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ამ უმძიმესი გამოწვევისა და უმწვავესი პრობლემის ფონზე, როდესაც 5 ახალგაზრდა ადამიანი უცნობ მომწამვლელ ნივთიერებას ემსხვერპლა, გამოსავლის ძიების ნაცვლად რეგრესული და პრორუსული ჯგუფები ტრაგედიებით ურცხვად მანიპულირებენ, ხელს კი ერთი კონკრეტული კლუბის, BASSIANI / HOROOM-ისკენ იშვერენ. ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანია ამ ჯგუფებისა და მათ უკან მდგომი ძალების ფარულ ინტერესებს ემსახურება"– ნათქვამია განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно