საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო. ჯო ბაიდენის წერილი გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.
როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ჯო ბაიდენი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს წერილიც სწორედ მისი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო. საუბარი შეეხო ასევე აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზარდ მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
,,შევაფასეთ, რომ ახლა, საქართველოსადმი მხარდაჭერა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ძალიან ძლიერია, რაც ჩვენდა სასიხარულოდ ერთგვარი გაგრძელებაა წინა ადმინისტრაციის პოზიციის. მაგრამ, ყველა გლობალურ საკითხთან ერთად - ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ - მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ყურადღება მსოფლიოს ამ ნაწილზე, რადგან ამდენ კონკურენტულ კრიზისში ხანდახან ხდება ყურადღების გადატანა. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამერიკის საზოგადოებაში, კონგრესში, მოქმედ ადმინისტრაციაში იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობასა და ევროპის უსაფრთხოებისათვის" - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, მაიკლ კარპენტერმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს, საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა თავისი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება იყოს გააქტიურებული აშშ-ს აკადემიურ წრეებში მხარდაჭერა იმისათვის, რომ კონგრესმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი მიიღოს.