,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქსტატის" მიერ საწარმოთა საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა. ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა კი, პირველ რიგში, პოზიტიურად აისახა დასაქმებაზე - 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3 %-ით, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7 %-ით გაიზარდა"– ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია ყველა სექტორში.
,,ბიზნესსექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 5.1%), მშენებლობის (ზრდა 7.5%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 3.7%), ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 5.4%) სექტორები.
მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც - 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8.0%-ით არის გაზრდილი და 1106.4 ლარს შეადგენს"– აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და აღნიშნული კუთხით აქტიურად მუშაობენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით.
,,უკვე განხორციელებულ რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში მომზადდება საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა, რაც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის არის მიმართული. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზნები ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობა და ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრაა, რომლებიც სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში უშლის ხელს.
ჩვენი მიზანი სწრაფი, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, რასაც აღებული სწორი ეკონომიკური კურსით და დაგეგმილი რეფორმებით აუცილებლად მივაღწევთ"– განაცხადა ქუმსიშვილმა.