რვაშვილიანი სამხედრო მოსამსახურის გასაცნობად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ახალქალაქში, კაპიტან ბესიკ მელიქიძის ოჯახს ესტუმრა. ქართველ ოფიცერს მეშვიდე და მერვე შვილები, ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. ოჯახის გაცნობისა და კაპიტან მელიქიძესთან გასაუბრებისას, მინისტრმა ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის უწყება მის ოჯახს ბინას შეუძენს.
კაპიტანი ბესიკ მელიქიძე წარმოშობით ჯავახია. ის ამჟამად ახალქალაქშია მივლინებული და ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობს. კაპიტანი მელიქიძე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, სამხედრო ნაწილის დაცვასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ამავე დროს, არის ახალქალაქის და კუმურდოს ეპარქიის ტაძრის სტიქაროსანი, ასევე მონაწილეობს ჯავახეთში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების კუთხით დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებაში.