ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში შპს „ანთ ჯგუფის" ახალი საწარმო გახსნეს, რომელიც სასახურავე მასალების/ აქსესუარებისა და თაბაშირ-მუყაოს ფილების პროფილების აწარმოებს. კომპანიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ახალი საწარმოს აშენება და მისი თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვა შეძლო. პირველ ეტაპზე საწარმოში 13 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ ამ მაჩვენებლის გაზრდა იგეგმება.
შპს „ანთ გრუპ"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ეკოლოგიურად სუფთა, საიმედო პროდუქცია, რის მისაღწევადაც წარმოებაში მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული გამოიყენება. კომპანია პირველივე წელს 3 333 911 ლარის პროდუქციის წარმოებას და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი იმპორტის ჩამნაცვლებელი კომპანია შეიქმნა ბათუმში, აჭარის რეგიონში, სადაც ძალიან სწრაფად და დინამიურად ვითარდება მშენებლობა. „კომპანიის ადმინისტრაცია გეგმავს სამომავლოდ საწარმოში დამზადებული პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ აწარმოოს საექსპორტო პროდუქცია, რაშიც აუცილებლად დავეხმარებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხელისუფლება ფოკუსირებულია, რათა ბიზნეს პროექტები სხვადასხვა სექტორებში განხორციელდეს. მისი თქმით, სასტუმრო კომპლექსების მიმართულების განვითარების გარდა, გვჭირდება საწარმოები, რომელიც აწარმოებს, მათ შორის, სამშენებლო მასალებს. " მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს რეგიონსა და ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება საწარმოები, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ პროდუქციას და მოამარაგებენ ადგილობრივ ბაზარს," - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
საწარმოს გახსნას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. მისი თქმით, მომავალ კვირას იგეგმება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელობის შეხვედრა აჭარაში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც ისინი მიიღებენ მეტ ინფორმაციას აღნიშნული პროგრამის შესახებ.
შპს „ანთ გრუპი", საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 186 150 ლარს შეადგენს.