თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრემიერ–მინისტრი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია – კვირიკაშვილი სკვერნელისს


     საქართველო-ლიტვის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურება იყო მთავარი თემები ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებულ შეხვედრაზე.

     პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

    ,,ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, წელს თქვენი სახით ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ სახელმწიფოს მეთაურს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი და თქვენი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში.
 
    თქვენ ხართ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერს. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. სასიხარულოა, რომ გასულ წელს დაფიქსირდა მზარდი დინამიკა ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობაში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

     საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა ლიტვის პრემიერმა.

     "ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში სტუმრობა. ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის უბრალოდ ფორმალური ურთიერთობები. ეს არის ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ეფუძნება საერთო ტრადიციებს. ლიტველებს და ქართველებს განსაკუთრებული გრძნობები აკავშირებთ ერთმანეთთან. ჩვენს ერებს სისხლში აქვთ სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და დემოკრატიისკენ და ეს კიდევ უფრო გვაერთიანებს. ჩვენ ასევე გვაერთიანებს ჩვენი საერთო მიდგომა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი და საერთო გამოწვევები. ჩვენი ერები მტკიცედ იცავენ კანონის უზენაესობის პრინციპებს. ლიტვა ყოველთვის მხარს უჭერდა       საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციას. გარდა ამისა, ლიტვა ყოველთვის უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩემი მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან გულწრფელი და სანდო მეგობარი", - განაცხადა საულიუს სკვერნელისმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно