გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში კომენტარი გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე გააკეთა. მარგველაშვილის განცხადებით, კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით პარტნიორების გარდა კითხვები რიგით მოქალაქეებსაც აქვთ.
„ისე გამოჩნდა თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა მაისში თურმე გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰქონია.
რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? შემდგომ რატომ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?
რა დააშავა ამ ადამიანმა?- ეს კითხვა პარტნიორებს კი არა ეს კითხვა აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში სადაც შედიხარ.
აღარ გეკითხებიან გვეშველება თუ არა რამე, გეკითხებიან- კვირიკაშვილი რატომ წავიდა? მე პასუხი არ მაქვს და მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი,"-ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველასთვის გაუგებარია რატომ გადადგა კვირიკაშვილი. პრეზიდენტი ამბობს, რომ არავის დაუსახელებია მიზეზი თუ რის გამო შეიცვალა პრემიერი და უფრო მეტიც, საზოგადოებამ არ იცის, რატომ არავინ უხსნის მას პრემიერის გადადგომის მიზეზს.
„თუ ვინმე ახსნის რატომ არ აუხსნა არავინ საქართველოს მოქალაქეებს რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი...არამარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ისიც არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან,"– განაცხადა მარგველაშვილმა.