შსს–ს სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა


     სანაპირო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ გახსნა. საზეიმო მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ.

     სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. თემურ კეკელიძემ უწყების 40 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

     ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამსახურებრივი მივლინებით მყოფმა 25 მოსამსახურემ, კოლეგებს სანაპირო დაცვის დღე პირდაპირი ჩართვის რეჟიმში მიულოცა.

     თემურ კეკელიძემ სტუმრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

     აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნატოს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში, 12 ივლისს მიღებულ ნატო - საქართველოს კომისიის დეკლარაციაში ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშროლობის გაძლიერების საკითხი. დოკუმენტში სანაპირო დაცვასთან დაკავშირებული ჩანაწერის ასახვა პირველად მოხდა, სადაც აღნიშნულია - ,,მივესალმებით საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების მომზადების დაწყებას, მჭიდრო ურთიერთობას საქართველოსა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო დაჯგუფებას შორის, რაც გამოიხატება საპორტო ვიზიტებითა და ერთობლივი სწავლებებით, ასევე, მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების ცენტრსა და ნატოს სანაოსნო ცენტრს შორის. მოკავშირეები გეგმავენ საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცის მონიტორინგის შესაძლებლობების გაფართოებაში დახმარება გაუწიონ. სამომავლოდ ველით საქართველოს მონაწილეობას ნატოს საზღვაო ოპერაციაში".

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно