ამერიკული მხარე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოხალისეთა სისტემის განვითარებაში დაეხმარება, - ამის შესახებ აშშ-ის ჯორჯიის შტატის გენერალმა რეჯინალდ ნილმა შალვა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე 5-წლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, სადაც აღინიშნა, რომ "სამოქალაქო უსაფრთხოების" კანონის მიღების შემდეგ სამსახური სწრაფი ტემპით ვითარდება.
"5-წლიანი გეგმა ფოკუსირებულია 4 ძირითად მიმართულებაზე: ესაა ინსტიტუციური განვითარება, ადამიანური რესურსების გაძლიერება, ტექნოლოგიების განვითარება, ინფრასტრუქტურის, სპეცტექნისა და აღჭურვილობის განახლება", - აღნიშნა შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.
გენერალმა რეჯინალდ ნილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 5-წლიანი გეგმის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.
"ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მოხალისეების სისტემა და ალტერნატიული არასამხედრო სამსახური. ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, ამერიკული მხარე ეცდება საქართველოს ამ სისტემის ჩამოყალიბებაში დაეხმაროს", - განაცხადა გენერალმა რეჯინალდ ნილმა შალვა ხუციშვილთან შეხვედრაზე.