ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც არიან სუფთა წარსულით - ხაზარაძე


     ყველას მოგიწოდებთ, ორ დღეში შევიკრიბოთ, გადავდოთ ყველაფერი და ეს ისტორიული გამოცდა ჩავაბაროთ ერთად. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ, ქართულ სულთან ერთად, ჩვენს გულებში ძგერს ევროპული სულიც, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისში, შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
     „22 წლის ვიყავი, როცა ბერლინის კედელი ჩამოინგრა. მაშინ გამიჩნდა პირველი სურვილი, რომ ჩვენც შევძლებდით ამ გზაზე დადგომას. მას შემდეგ ყველაფერი გავაკეთე, ბადრისთან და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ იმ პერიოდში, როცა ვიყავით ბიზნეში, შემოგვეტანა ამ ქვეყანაში ევროპული ტექნოლოგიები, ევროპული განათლება, ევროპული ინვესტიცია, შევქმენით ათეულობით კომპანია და რამდენიმე მსხვილი კომპანია დღეს ევროპულ ბაზარზე ევროპულ კომპანიებს ეჭიდავება. სწორედ ამას ვფიქრობდი, რომ ასე მოხდებოდა პოლიტიკაშიც, მაგრამ 12 წელი ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა, შეიძლება ითქვას, გააჩერა თავისი ტყუილებით და დაპირებებით, რომელიც ხალხმა დაიჯერა. ეს იყო რაღაც 100 ქარხანა, უფასო ფული, ეს იყო ის დაპირებები, რომ გააოცებდა ევროპას განსაკუთრებული დემოკრატიით და, რაც ყველაზე მთავარია, გააჩერა საუკუნის პროექტი, ანაკლიის პროექტი, რომელმაც ათიათასობით სამუშაო ადგილი გააქრო და ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ეს ყველაფერი, შეგვიძლია, დავამთავროთ ჩვენ, შეგვიძლია, დავამთავროთ ორ დღეში, იმიტომ, რომ ორ დღეში ჩვენ შეგვიძლია, ამ ქვეყანაში შევცვალოთ ის რეალობა, რომელიც ტყუილებს ეფუძნება და დავიწყოთ ძლიერი საქართველოს მშენებლობა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
     ხაზარაძის თქმით, მისმა გუნდმა გადაწყვიტა, ქართველი ხალხის დაკვეთა შეესრულებინათ.
     „რა დაკვეთა იყო ეს? ოცი წელი ამ ქვეყანას ორი პარტია მართავდა, 20 წელი, და ადამიანები აღარ მიდიოდნენ არჩევნებზე, იმიტომ, რომ მათთვის ალტერნატივა არ არსებობდა. ჩვენ შევქმენით ახალი კოალიცია, სადაც გაერთიანდა „ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“, ლევან ცუცქირიძის „თავისუფლების მოედანი“ და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი. ჩვენ შევქმენით ახალი, ნამდვილად რეალური ალტერნატივა „ძლიერი საქართველოს“ სახით. ამ „ძლიერ საქართველოს“ აქვს ძლიერი პროგრამა, „ილიას გზა“. მგონი, ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის და ამ „ილიას გზაში“ ჩვენ გაწერილი გვაქვს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ მიგვიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ძლიერ ქვეყანამდე“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაზემ.
     მისი თქმით, 20 წელი ქვეყანას ორი პარტია მართავდა და მისი გუნდის სახით რეალურად გაჩნდა ალტერნატივა, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა და პროგრამა.
     „რა არის ახალი პოლიტიკის კეთება? ახალი პოლიტიკის კეთება არის იმ ხალხის მოსმენა, იმ ხალხის ჩართვა, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ და მზად არიან, საქართველოს სიყვარულისთვის ნებისმიერ საქმეზე წავიდნენ. ესენი არიან ის დედები, რომელთაც უნდათ, თავიანთ შვილებს ჰქონდეთ ძალიან მაგარი მომავალი, ძალიან მაგარი განათლება. ესენი არიან ის ვეტერანები, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს და დამოუკიდებლობა შეგვინარჩუნეს და ჩვენ ახლა ამ დამოუკდებლობის დაცვისთვის ვართ შეკრებილები და ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად. ესენი ის დევნილები არიან, რომელთა მოგონებები, დაკარგული სახლები და დევნილობაში გატარებული დრო გვაძლევს ჩვენ ინსპირაციას, ძალიან სწრაფად მოხდეს რეინტეგრაცია, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ აქ შექმნან თავიანთი ცხოვრება და არ იფიქრონ იმაზე, რომ ერთადერთი შანსი არის ქვეყნის დატოვება. 117 000 ახალგაზრდამ, 30 წლამდე, დატოვა ჩვენი ქვეყანა. ეს კატასტროფაა და ამ ხალხის ხმა არ ესმის ბიძინას, არ ესმის „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ ისენი ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს და ეს ყველაფერი ემსახურება „ქართული ოცნების“ ელიტარულ ჯგუფს, რომელსაც ხელები აქვთ ისე ღრმად ჩაყოფილი კორუფციაში, რომ უკვე სადღა წავიდნენ, აღარ იციან. ამიტომ უნდათ მათ ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ამ ხალხის გვესმის ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“. ჩვენ ამ ხალხს ვუსმენთ და სწორედ ასეთი ხალხის ჩართულობით მოხდება ახალი პოლიტიკის კეთება საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
     მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ლიდერები სუფთა წარსულით.
     „20 წელი ერთი და იგივე სახეები. ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც არიან სუფთა წარსულით, არ ყოფილან ხელისუფლებაში, აქვთ გეგმა, რომლებიც აიღებენ რისკს და არ მოდიან იმიტომ, რომ დიდი ხანი იყვნენ ხელისუფლებაში. სწორედ ასეთი ადამიანები არიან „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებლები და ლიდერები და სწორედ ასეთ ლიდერებს უნდა მისცეს ჩვენმა ამომრჩეველმა შანსი და დიახ, ეს არის შანსი, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა.
     ორ დღეში ჩვენ გვაქვს უნიკალური მომენტი, რომ ყველა ერთად წავიდეთ და დავამარცხოთ ამ ქვეყანაში, პირველ რიგში, ნიჰილიზმი, დავამარცხოთ რუსული პოლიტიკა და ყველამ ერთად დავუბრუნოთ ამ ქვეყანას ის არჩევანი, რომელიც გააკეთა ჩვენმა წინაპარმა, ის არჩევანი, რომელიც გააკეთეთ თქვენ, ის არჩევანი, რომელიც გვწერია კონსტიტუციაში და ეს არჩევანი არის ევროპული არჩევანი და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ძირძველი ერი ვართ და სწორედ იმ სივრცეში ვართ ჩვენ გარანტირებულად მშვიდობით, რელიგიის დაცვით, მამულის და ჩვენი ტერიტორიების დაცვით და სტაბილურობით, აი, ეს არის ის ადგილი. ყველას მოგიწოდებთ, ორ დღეში შევიკრიბოთ, გადავდოთ ყველაფერი და ეს ისტორიული გამოცდა ჩავაბაროთ ერთად. მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ, ქართულ სულთან ერთად, ჩვენს გულებში ძგერს ევროპული სულიც“, – განაცხადა მამუკა ხაზარაზემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно