სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებმა, ღიად განაცხადეს, რომ ამ კოორდინირებული ძალადობის უკან დგანან - კობახიძე


     პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, რაში აქვთ თავი შეყოფილი, თუმცა პატრონის დავალება არის პატრონის დავალება და ამაზე უარის თქმა მათთვის უბრალოდ შეუძლებელია, ასეთია აგენტის ბედი და ხვედრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

     ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის.

     „რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. წაიკითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი არის დაკავებული ძალიან მძიმე სავარაუდო დანაშაულისთვის და მას ემუქრება 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა. ეს არის ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. 


      არის ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ, პრაქტიკულად, ღიად განაცხადეს, რომ ამ კოორდინირებული ძალადობის უკან დგანან. რა თქმა უნდა, ამისთვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, შესაბამისად, ეს ყველაფერი ყველამ უნდა გაითვალისწინოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გასცდებიან პატრონის დავალებას, თუმცა მაინც კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო, რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა“, – განაცხადა პრემიერმა