ნეტარ არიან მორწმუნენი - შეუძლიათ ისაუბრონ რამდენიც უნდათ - მახაშვილი ევროპარლამენტარებზე


     მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი კარგი, დადებითი გზავნილებიც მოვისმინეთ ევროპარლამენტიდან, საერთო, ჯამში, იყო ძალიან ბევრი ცრუ ბრალდება, ყალბი ინფორმაცია, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტარების მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკის პასუხად გააკეთა.

     მახაშვილმა ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა და, ამ კონტექსტში, გაიხსენა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციები, რომლის ბრალდებებიც, მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააბათილა.

     "ნეტარ არიან მორწმუნენი - შეუძლიათ ისაუბრონ რამდენიც უნდათ, უგულვებელყონ დემოკრატიული ვერდიქტი, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე.

     მიხეილ სააკაშვილზეც არაერთი ძალიან უხეში ტყუილი და დეზინფორმაცია იყო გავრცელებული - ჩვენ ვნახეთ წინა რეზოლუციებიც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილზე იყო საუბარი. ყველა შემთხვევაში, შემიძლია მარტივად ვუთხრა ამ ადამიანებს - ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. რეალური საქართველო არის ის, რაც არის აღნიშნული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ევროკომისიის დასკვნებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთ ანგარიშში," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

     შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. სიტყვით ისარგებლა 27-მა ევროდეპუტატმა, რომელთაც ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, აქციებზე, არჩევნებზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა" და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონებზე. ევროდეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს შორდება, ნაწილი კი ამ მოსაზრებას დარბაზშივე არ დაეთანხმა.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/304113