პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სურვილი გამოთქვეს, რომ არა მხოლოდ 2012 წლამდე არსებული ვითარება, არამედ 12 წლის შემდგომ ოპოზიციის მიერ განვითარებული მოქმედებებიც იქნას გამოძიებული.
მისი განმარტებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თუ ორგანიზაციები ყველანაირად ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას და რევოლუციურ სცენარებს და ეს სწორედ საბოტაჟია.
"როგორც კი იყო დაანონსებული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სურვილი გამოთქვეს, რომ არა მხოლოდ 2012 წლამდე არსებული ვითარება, არამედ 12 წლის შემდგომაც, ცალკეული ორგანიზაციების პოლიტიკოსების თუ ენჯეო სექტორის ყველა იმ პირის ქმედებებზე მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება, რომლებზეც ეჭვია, რომ რევოლუციური სცენარების განვითარებაში მონაწილეობდნენ. აქ არის საუბარი საბოტაჟზე და დანარჩენი ბუნებრივია არის პროკურატურის და სამართლებრივი პროცესების საქმე. ჩვენ კარგად ვიცით და საზოგადოება კარგად ხედავდა თუ როგორ ფინანსდებოდა უცხოეთიდან ცალკეული ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და მათი საქმიანობა ნამდვილად არ იყო ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა. ეს პოლიტიკოსები თუ ორგანიზაციები ყველანაირად ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას და რევოლუციურ სცენარებს. ეს არის სწორედ საბოტაჟი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
