გაერო-ს გენერალური მდივანი კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იდგმება ძალიან სწორი ნაბიჯები, რათა ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და საქართველომ მომავალშიც შეძლოს სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.
„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს ძალიან სწორი პოლიტიკა აქვს და ეს არის ძალიან დასაფასებელი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ბრძოლას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმითვე, აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი ფორმატი და ამ ფორმატში უნდა გაგრძელდეს მუშაობა არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად.
„მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების პატივისცემა და გამოწვევების გადალახვა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილი ანტონიუ გუტერეშს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიის ფარგლებში შეხვდა.
