ნიკა გილაური თითქოს შორს იდგა პოლიტიკისგან და აღმოჩნდა, რომ, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ასევე ჩართულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „სააკაშვილის ოჯახის წევრები, ასევე დავით კეზერაშვილი და ნიკა გილაური ასიათასობით დოლარს ხარჯავენ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ“.
„სწორედ „ფარას“ დამსახურებით გავიგეთ, რომ სააკაშვილის პენსიონერმა დედამ ლობისტურ კომპანიებში მილიონი დოლარი გადაიხადა. შემდეგ ქართული ჯარის გამძარცველმა დავით კეზერაშვილმა 500 ათასი დოლარი გადაიხადა და ახლა აღმოჩნდა, რომ ნიკა გილაურმა, რომელიც თითქოს შორს იდგა პოლიტიკისგან, არ აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას და მისი საქმიანობა მხოლოდ ქველმოქმედებით შემოიფარგლებოდა, 600 000-დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიასთან, რათა ამერიკაში მოხდეს მათი საქმიანობის, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობის გავრცელება და კონტაქტები სხვადასხვა სენატორებსა თუ თანამდებობის პირებთან. ეს უკანონო არ არის, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნიკა გილაური, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ასევე ჩართულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში. დაფინანსებას და რესურსებს, რომლებიც მათ აქვთ, უანგაროდ ხარჯავენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ფარამ“. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ასევე ჩართულია ნიკა გილაური იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელსაც უკანასკნელ დღეებში ვხედავთ. ამ პროცესებში ასევე ჩართული იყო სენატორი ჯო უილსონი და, როგორც ჩანს, სხვა სენატორებიც, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებით გამოირჩევიან. ალბათ „მეგობარი აქტის“ ავტორები ის ადამიანები აღმოჩნდებიან, რომლებიც სწორედ ამ ლობისტური კამპანიის შედეგად არიან ასე დაინტერესებული, დააზიანონ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და საქართველოს საერთაშორისო იმიჯი. როგორც ჩანს, ამ დაფინანსების შედეგიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო გაძლიერება იმ პოლიტიკის, რომელსაც ამ მიმართულებით ვხედავთ. ეს პოლიტიკა სრულიად განსხვავდება ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკისგან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ იგივე სააკაშვილის ოჯახის წევრები, ასევე კეზერაშვილი და ნიკა გილაური ასიათასობით დოლარს ხარჯავენ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა.
