ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში დადის, მიზანია, რომ ჩავარდნილ და გაბანკროტებულ რევოლუციას რამენაირად კიდევ ერთხელ სული შთაბერონ - ქადაგიშვილი


     ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ გააჩნია იმის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე რაიმე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს, ზოგადად, ეს რესურსი არც მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

     დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ძალისხმევა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ზეწოლა ქვეყანაზე, ხელისუფლებაზე საზღვარგარეთიდან.

     „ისინი ხელოვნურად ცდილობენ, უცხოური რესურსი ქვეყანაში ვითარების დაძაბვისთვის გამოიყენონ. ვიცით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩვენი ახალი კურატორი, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთი გახდა. სალომე ზურაბიშვილი და მისი სხვა მომხრეები თავის კურატორებთან არიან ჩასული. გარედან იმის კოორდინაცია ხდება, რომ 31 მარტს, ხალხის რაღაცა რაოდენობა მაინც გამოვიდეს. ამიტომ, ამერიკაში უილსონის გამოცოცხლებას ვუყურებთ. აგერ, 600 000 დოლარი გადაირიცხა იმისათვის, რომ ამ მიზნით კონგრესში გარკვეული მოძრაობები განხორციელდეს. აქეთ, ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში დადის რომ მათ 31 მარტამდე რაღაც განცხადებები გაამწვავონ. მიზანია, რომ ჩავარდნილ და გაბანკროტებულ რევოლუციას რამენაირად კიდევ ერთხელ სული შთაბერონ. ზურაბიშვილი გამოყენებადი იყო, როდესაც პრეზიდენტის პოზიციაზე იყო. პრეზიდენტის პოზიციის დაკარგვის შემდეგ მისი სააქციო ღირებულება ძალიან დაბალ დონეზე დარჩა. ბალტიისპირეთში ჩასულია უცხოური დაფინანსებით. ეცდებიან, რომ სალომე ზურაბიშვილის იქ ჩასვლა გამოიყენონ იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ასეთი გზავნილები გააჟღერონ და ხალხში უკმაყოფილების ახალი შხამი შემოაგდონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.



წყარო: https://1tv.ge/news/irakli-qadagishvili-salome-zurabishvili-baltiispiretshi-dadis-mizania-rom-chavardnil-da-gabankrotebul-revolucias-ramenairad-kidev-ertkhel-suli-shtaberon/