თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ გაზაფხულზე შეიძლება დაეწყოთ საბრძოლო მოქმედებები, დამისვეს ამოცანა, სასწრაფოდ მომემზადებინა საველე ჰოსპიტალი - ლაშა ქოიავა


     2008 წელს ინტენსიური მეცადინეობები მიმდინარეობდა, რადგან უკვე ვიცოდით, რომ მალევე იქნება საბრძოლო მოქმედებები, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ქოიავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

     მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლის დისლოკაციის ადგილად განისაზღვრა საგურამო და დაიწყო წვრთნა.

     „ცოტა ხნით წასული ვიყავი ჯარიდან და ვმსახურობდი სახელმწიფო სპეციალურ კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოში, ანალიტიკურ სამმართველოში უფროსად. 2007 წელს კეზერაშვილი დაინიშნა მინისტრად და მოხდა იმიტაცია იმის აღდგენის, რაც გაუქმდა ოქრუაშვილის დროს. ოქრუაშვილის დროს გაუქმებული იყო სახმელეთო ძალების შტაბი, გაუქმებული იყო სამხედრო დაზვერვა, ამერიკელების მომზადებული ათი ბატალიონი კომანდოსები, ფრანგების და შვეიცარიელების მიერ მომზადებული და აღჭურვილი სამთო მსროლელი ბატალიონი, სამხედრო ჰოსპიტალი გადაიტანეს გორში, მაგრამ, რეალურად, მოხდა მისი გაუქმება. ხალხი, რომელიც ჰოსპიტალში მსახურობდა ჯარიდან, ისინი იყვნენ გაშვებული. ძირითადი ხალხი, რომელიც შემდეგ გორის ჰოსპიტალში მსახურობდა, იყვნენ სამოქალაქო პირები, რომლებსაც ჯართან არასდროს საერთო არაფერი ჰქონიათ. გაუქმებული იყო ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი, სამხედრო აკადემია, შემდეგ აღდგენილი და გადატანილი გორში რვათვიანი კურსით, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის ოფიცრის ჩამოყალიბებას. რატომ ვამბობ რომ იმიტაციად მივიჩნევ მე? სამხედრო დაზვერვის შექმნისას ბევრი ადამიანი იყო მოყვანილი ისეთი, რომელსაც გაუჭირდა შეგუება სამხედრო დაზვერვის სპეციფიკასთან. შეთანხმება მოხდა სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს უფროსსა და სამხედრო დაზვერვის უფროსს შორის, მე გადავედი სამხედრო დაზვერვაში, აგრეთვე ანალიტიკურ სამსახურში. 2007 წლის ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში დაბარებული ვიყავი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მიერ, სადაც ამიხსნეს, რომ სამხედრო დაზვერვაში იმ საქმეს, რასაც მე ვაკეთებ, გააკეთებს ყველა, ხოლო საველე ჰოსპიტალს ჩემ გარდა, ვერავინ გააკეთებს. ამიტომ გადმოყვანილი ვიყავი სახმელეთო ჯარებში, სადაც შექმნეს ცალკე სამინისტროს სამსახური. მე დამევალა საველე ჰოსპიტლის შექმნა. საველე ჰოსპიტალი უკვე მქონდა გაკეთებული, გამოცდილება არაერთი მქონდა. დისლოკაციის ადგილად განგვესაზღვრა საგურამო. იქ დაიწყო წვრთნა, სწავლა, რადგან საველე ჰოსპიტალს ბევრი სპეციფიკა აქვს და რამდენადაც კარგი ექიმი, ქირურგი, ანესთეზიოლოგი თუ რეანიმატოლოგი არ უნდა იყოს სტაციონარში, შენობაში, მას ძალიან გაუჭირდება მუშაობა საველე ჰოსპიტალში, საველე პირობებში. ეს არაერთხელ მქონდა ნანახი და იმ პერიოდშიც ამაში დავრწმუნდი. იმის გამო, რომ მედიცინა მიყვება ჯარს და საბრძოლო უზრუნველყოფის ერთ-ერთი სამსახურია დღეისთვის,  იძულებული ხარ, იცოდე სამხედრო საქმის რაღაც ნიუანსები, რათა არ მოხდეს პრობლემა მეთაურისთვის. პირიქით, სამედიცინო სამსახურმა უნდა მოუხსნას თავის ტკივილი მეთაურს – დაჭრილების გამოყვანა-ევაკუაცია, მათი მკურნალობა. ამავდროულად, საველე ჰოსპიტალი არ უნდა გახდეს რაღაც ცალკე პრობლემა მეთაურისთვის დაცვის ან ევაკუაციის საბრძოლო მოქმედებების დროს. ამიტომ, იძულებული ხარ, სამხედრო საქმე შეისწავლო. 2008 წელს ინტენსიური მეცადინეობები მიმდინარეობდა, რადგან უკვე ვიცოდით, რომ მალევე იქნება საბრძოლო მოქმედებები“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.

     კომისიის სხდომაზე ლაშა ქოიავას მიმართეს, დაეზუსტებინა, რომელ თვეზე საუბრობდა, რაზეც ქოიავამ აღნიშნა:

     „თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე შეიძლება დაეწყოთ საბრძოლო მოქმედებები. გაზაფხულის ბოლოს, მაისში, ივნისის დასაწყისში. შესწავლილი მქონდა შიდა ქართლის სამედიცინო შესაძლებლობები, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო შესაძლებლობები, რამაც მაშინ საკმაოდ დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.

     ამავე საკითხზე კომისიის სხდომაზე კიდევ ერთი კითხვა დაუსვა კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა: „თებერვალში თქვენ უკვე იცოდით, რომ უნდა მომზადებულიყავით საბრძოლო მოქმედებებისთვის?,“ რაზეც ქოიავამ უპასუხა: „დიახ, მე დამისვეს ამოცანა, რომ სასწრაფოდ მოამზადე საველე ჰოსპიტალი, იყოს ქმედითი მაისის ბოლოსთვის. ეს დამავალა სახმელეთო ჯარების სარდალმა.