საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო, მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოიკითხება. "ლელოს" ლიდერი ისევ აცხადებს, რომ არ აპირებს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას და მათი მიმართვის საფუძველზე არც პროკურატურაში მისვლას, ამიტომ მზადაა, სასამართლოში გამოიკითხოს.
პროკურატურაშია, ასევე გადაგზავნილი ბადრი ჯაფარიძის საქმეც. 349-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სხდომაზე, სადაც "ლელოს" ლიდერები არ მივიდნენ, "შპს მაგნატის" საკითხი განიხილებოდა, გამოიკითხა დაზარალებული ბიზნესმენი, ჯემალ ლეონიძე, რომელმაც ბიზნეს წილების იძულების წესით გადაფორმებაში ბრალი, მათ შორის სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძეს დასდო.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მათ ჰქონდათ თავიანთი ფუნქცია და ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით არსებობს კითხვები.
რა თქმა უნდა, ამიტომ არ ისურვეს, მისულიყვნენ და, კიდევ ერთხელ, ფართო საზოგადოებას დაენახა, თუ რა იყო მათი როლი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.
არმისვლას რაც შეეხება, კანონით არის გათვალისწინებული, თუ რა ღონისძიებები უნდა მოჰყვეს და შესაბამისი რეაგირება ექნება", - განაცხადა კახა კალაძემ.
