2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება, რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ისაუბრა.
ია მეტრეველმა გიორგი გამცემლიძე გაიხსენა, რომელსაც, მისი თქმით, აბსოლუტურად ტყუილად ესროლეს და სამი შვილის მამა ქუჩაში მოკლეს.
"გიორგი გამცემლიძეს, განსაკუთრებულად კარგ ახალგაზრდას, რომელიც კოლორიტი იყო თბილისის და რომელსაც სამი შვილი ჰყავდა, აბსოლუტურად ტყუილად ესროლეს და მოკლეს ქუჩაში. მისი მამა ვეღარ ხედავს თვალებში, ძლივს დადის და გაანადგურეს ოჯახი. მისი შვილები იზრდებიან უმამოდ. ისეთი კარგი ბიჭი, რომ თვითონ პოლიციელებსაც კი უყვარდათ, იმდენად კარგი ბიჭი იყო და იმდენად სხვანაირი ხალასი და ცოცხალი. აი ეს ბიჭიც აღარ არის და რამდენი ერთი ჩამოვთვალო. ასეთი უბედურების ჩამდენები იყვნენ ისინი", - განაცხადა ია მეტრეველმა.
ინფორმაციისთვის, 2008 წლის 8 მაისს თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა 31 წლის გიორგი გამცემლიძე მოკლა.
